მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერდოღანი მინიმალურ საპენსიო ასაკს აუქმებს - ვის შეეძლება პენსიაზე გასვლა?

63b42ad575eb3
გიორგი თოლორდავა
03.01.23 17:33
8286
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მორიგ რადიკალურ ნაბიჯს დგამს. კერძოდ, მისი განკარგულებით, თურქეთში მინიმალური საპენსიო ასაკი უქმდება. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

ახალი კანონის ამოქმედებამდე ქვეყანაში საპენსიო ასაკად ქალებისთვის 58 წელი იყო განსაზღვრული, ხოლო კაცებისთვის - 60 წელი. აღნიშნული განკარგულების ამოქმედების შემდეგ კი, სახელმწიფო პენსიის მიღებას შეძლებს ნებისმიერი მოქალაქე, რომელმაც მუშაობა 1999 წლის სექტემბრამდე დაიწყო და საერთო ჯამში მინიმუმ 20 წლის სამუშაო სტაჟი აქვს დაგროვილი.

ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, აღნიშნულ კრიტერიუმს ამჟამად დაახლოებით 2.3 მილიონი მოქალაქე აკმაყოფილებს და იმ შემთხვევაში თუ ყოველი მათგანი გამოთქვამს პენსიის მიღების სურვილს, მაშინ 2023 წელს საპენსიო ხარჯები 13.4 მილიარდი დოლარით გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ხარჯები ყოველწლიურად მზარდი იქნება, რადგან სულ უფრო მეტი მოქალაქე შეძლებს კანონით გაწერილი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას და, შესაბამისად, სოციალური დახმარების მოთხოვნას.

ექსპერტების შეფასებით, ზემოხსენებული საკანონმდებლო ინიციატივა არამდგრადი და ეკონომიკურად გაუმართლებელია, მისი მიღების მთავარი მიზანი კი არა მოსახლეობის დახმარება, არამედ ივნისში დაგეგმილ არჩევნებში მთავრობისთვის გამარჯვების მოპოვებაა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ერდოღანმა მორიგი რადიკალური გადაწყვეტილებაც მიიღო, კერძოდ, პრეზიდენტმა ქვეყანაში მინიმალური ხელფასი 55%-ით გაზარდა.

სავარაუდოდ, მინიმალური ხელფასის ზრდა ინფლაციის დაჩქარებას და ეროვნული ვალუტის დამატებით გაუფასურებას გამოიწვევს, რასაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე საპირისპირო გავლენა ექნება.

ზოგადად, რეკორდული ინფლაცია თურქეთის ცენტრალური ბანკის არატრადიციული მონეტარული პოლიტიკითაა განპირობებული, რომელიც სამომხმარებლო ფასების ზრდის მიუხედავად რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ითვალისწინებს. პრეზიდენტი ერდოღანი მიიჩნევს, რომ განაკვეთი მინიმუმამდე უნდა შემცირდეს, რასაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები არ იზიარებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები