საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემი სუბიექტი - შპს სოლო კრედიტი დააჯარიმა, ამის შესახებ სებ-ის რეგულირების გვერდზე გამოქვეყნებული ოქმიდან ირკვევა. მისი მიხედვით, “სოლო კრედიტმა” დაარღვია ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის აღრიცხვის ფორმის წარდგენის წესი, რაც სებ-ის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, 5,000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
“სესხის გამცემ სუბიექტს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით. სესხის გამცემი სუბიექტი საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2019 წლის 30 იანვარს. „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სესხის გამცემ სუბიექტს, რომელსაც საქმიანობა დაწყებული ჰქონდა აღნიშნული ბრძანების ამოქმედებამდე, ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა წარედგინა აღრიცხვის შევსებული ფორმა სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, ბრძანება ამოქმედდა 2020 წლის 20 ოქტომბრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ სესხის გამცემ სუბიექტს საქმიანობა დაწყებული ჰქონდა ზემოხსენებული ბრძანების ამოქმედებამდე, ამდენად, მას ევალებოდა, რომ არაუგვიანეს 2020 წლის 20 ნოემბრისა, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარედგინა აღრიცხვის შევსებული ფორმა, რაც არ განუხორციელებია. აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, შპს “სოლო კრედიტი” 2018 წლის დეკემბერში დაფუძნებული კომპანიაა, მისი მესაკუთრე პავლე ბალიაშვილია.