საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა ჩვენი უალტერნატივო, სწორი, პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკაა. ამის შესახებ მან დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის კაფსულის ჩადების ცერემონიაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია და თვითმფრინავი საქართველოში არ იფრენს. მთავრობის მეთაურმა ოპოზიციის განცხადებებიც გააკრიტიკა.
„ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე, ყველა ეს ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენს საერთო ეროვნულ მიზანთან, რაც ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაა, ეს არის ჩვენი უალტერნატივო, სწორი, პრაგმატული და რაც მთავარია ეროვნული პოლიტიკა. ჩვენ რასაც ვაკეთებთ ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის ვაკეთებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციისთვის, რუსეთიდან საქართველოში პირველი ფრენა დღეს შესრულდება.