„ფეროშენადნობთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, ნუგზარ კევლიშვილი 2022 წელს მწარმოებლებისთვის ნეგატიურად აფასებს.
როგორც მან გადაცემა "საქმის კურსში" თქვა, წელი აღმავალი ტემპით დაიწყო, მაგრამ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ვითარება აბსოლუტურად შეიცვალა.
„ომის დაწყების შემდეგ არცერთი დიდი პროექტი აღარ ხორციელდება, მეტალზე მოთხოვნა დაეცა, შესაბამისად, ფეროსილიკონმაგნანუმზეც. დღეს საქართველოში ეს დარგი ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა. ამას ემთხვევა ისიც, რომ ელექტროენერგიის ფასი ზამთარში მაღალია, ნედლეულზე ფასი იგივე დარჩა, არაფერი შეცვლილა და მხოლოდ ფეროსილიკონმანგანუმის ფასი დაეცა, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს მთლიანად დარგს“, - ამბობს ნუგზარ კევლიშვილი.
2022 წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე ჯამში 454.8 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, რითაც საექსპორტო კალათაში მესამე ადგილზეა. წლიურად ექსპორტი 9.7% გაიზარდა. ექსპორტის ნახევარზე მეტი აშშ-ზე მოდის. ამ ბაზარზე 232.5 მლნ დოლარის ფერო გავიდა, საექსპორტო ბაზრებში მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა რუსეთი - 108.8 მლნ დოლარით, მესამეზეა თურქეთი, სადაც 57.3 მლნ დოლარის ფეროშენადნობის გატანა მოხდა.