კომპანია „აგრო სოლუშენსი“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) და REC Caucasus-ის მხარდაჭერით გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელ პროექტს - “ესაუბრე ბუნებას - Talk to Nature ” ახორციელებს.
როგორც bm.ge-ს ორგანიზაციიდან აცნობეს, „ესაუბრე ბუნებას“ ინოვაციურ იდეათა კონკურსის - „გრინოვეიშენის“ გამარჯვებულია, რომელიც GIZ-ის პროგრამის „ეკოსერვის“ (ECOserve) – ის ფარგლებში ჩატარდა.
აღსანიშნია, რომ პროექტის გახსნითი ღონისძიება დღეს, 13:00 საათზე, მზიურის პარკში გაიმართება.
"მოდი, დაასკანერე და იფიქრე! - ამ დევიზით, მზიურის პარკში არსებულ ხეებზე QR კოდები განთავსდება. QR კოდების მეშვეობით მოქალაქეები გაეცნობიან ინფორმაციას გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ: კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენა, ნარჩენების გადამუშავების საკითხები, როგორ გამოვიყენოთ ალტერნატიული ენერგორესურსები და მივაღწიოთ ენერგოეფექტურობას", - ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.
QR კოდებში არსებული ინფორმაციები თემატურია და მოიცავს: ჰაერის დაბინძურებას საქართველოში; წყლის დაბინძურება და წყლის რესურსები საქართველოში; წითელი ნუსხის სახეობები; მწვანე საფარი თბილისში; დაცული ტერიტორიები; ენერგოეფექტურობა და ალტერნატიული ენერგო რესურსები.
QR კოდები ეტაპობრივად გამოჩნდება თბილისის სხვადასხვა სკვერებსა და პარკებში, რათა საზოგადოების მაქსიმალურად ფართო წრემ შეძლოს გაიგოს ქვეყანაში არსებული მძიმე გარემოსდაცვით პრობლემების შესახებ.