საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ $568 მილიონი დოლარი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით ეს თანხა 4.3-ჯერ მეტია. მეტიც, ინვესტიციების ეს მოცულობა სტატისტიკის აღრიცხვის დაწყებიდან რეკორდულად დიდია.
ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ესპანეთიდან შემოვიდა, რამაც $196 მილიონი დოლარი შეადგინა. bm.ge-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ესპანეთიდან უმსხვილესი ინვესტორია კომპანია "აკვალია საქართველო", რომლის 100%-იან წილსაც წყალმომარაგების სფეროს უმსხვილესი მოთამაშე Aqualia ფლობს.
გარიგება 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდა და მის ფარგლებში Aqualia-მ თბილისის წყალმომააგებაზე პასუხისმგებელი GWP შეისყიდა. კომპანიის 80%-იანი წილის სანაცვლოდ ინვესტორმა $180 მილიონი დოლარი გადაიხადა.
მთლიანობაში GWP-ის აქტივების ღირებულება 225 მილიონი დოლარია და Aqualia 2025-2026 წლებში კომპანიის დარჩენილი წილის გამოსყიდვასაც გეგმავს.
თავად Aqualia წყალმომარაგების სისტემებს 17 ქვეყანაში მართავს და ამ მაჩვენებლით ევროპაში მესამე ადგილს იკავებს. მხარეთა შორის გარიგების შესახებ ცნობილი 2021 წლის 31 დეკემბერს გახდა და ის ოფიციალურად 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდა.
რაც შეეხება Aqualia-ს გარდა სხვა ინვესტორ კომპანიებს, მათ სიაში დიდი ცვლილებები არაა. ტრადიციულად სიაში შედიან TAV-ი, მაგთი, ენერგო პრო და სხვა კომპანიები. უცხოურ ინვესტორად კლაისიფიცირებული არაერთი კომპანია ქართულია, ხოლო ამ სიაში მათი მოხვედრა განპირობებულია იმით, რომ ისინი საკუთარ ოპერაციებში უცხოეთში, ძირითადად ოფშორულ ზონებში დაფუძნებულ მშობელ კომპანიებს იყენებენ.
საქართველოს ტოპ ინვეესტორი კომპანიების სია:
შპს აკვალია საქართველო;
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
შპს მაგთიკომი;
შპს თბილისი ენერჯი;
სს ენერგო - პრო ჯორჯია;
შპს ტავ ურბან საქართველო;
სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური;
სს Hualing international special economic zone;
სს ბიჯეო ჯგუფი;
სს მეტრო სითი თრეიდ ცენტრ ბათუმი.
(რეიტინგი არაა დალაგებული რიგითობის მიხედვით).
საგულისხმოა ფაქტი, რომ წამყვან ინვესტორთა შორის მოხვდა ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის მეტრო ჰოლდინგის შემადგნელობაში შემავალი კომპანია მეტრო სითი, რომელიც ბათუმში უმსხვილეს სავაჭრო ცენტრს მართავს.