მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს მოქალაქეების უმრავლესობა რუსულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას ემხრობა - Eurobarometer

63be6adf3aa59
მარიამ ვარადაშვილი
11.01.23 13:17
536
"ევრობარომეტრის" ახალი კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც აჩვენებს, რომ ევროკავშირის მოქალაქეების უმრავლესობა დადებითად არის განწყობილი ბლოკის ბოლო ქმედებების მიმართ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით.

კერძოდ, ევროკავშირის 10 მოქალაქიდან 8-ზე მეტი (82%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს ქმედებები რუსეთის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა (83%) ფიქრობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ განახლებად ენერგიაში ინვესტირებას უფრო აქტუალურს ხდის. მათი 87% მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, როგორიცაა მილსადენები და ინტერნეტ კაბელები, ხოლო 83% ეთანხმება იმას, რომ ელექტროენერგიის ფასი გაზის ფასზე არ იყოს დამოკიდებული.

გამოკითხულები ასევე ამბობენ (85%), რომ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ მათ მსყიდველუნარიანობაზე გავლენა იქონია. 56% ეთანხმება, რომ ბოლო დროს ფასების ზრდა ძირითადად რუსეთის აგრესიული ქცევით არის განპირობებული, ხოლო 38% არ ეთანხმება.

გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ევროკავშირის მიერ ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გატარებული ღონისძიებები დადებით გავლენას იქონიებს, 18% - უარყოფით გავლენას და 22% - არანაირ გავლენას არ მოახდენს.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე საპასუხოდ ევროკავშირის მიერ მიღებული ზომები მოქალაქეების მხრიდან მყარი მხარდაჭერით კვლავ სარგებლობს. ევროპის მოქალაქეები ემხრობიან ჰუმანიტარული დახმარების გაწევას (88%), რასაც მოჰყვა ომს გარიდებული ადამიანების მიღება (82%).

ამასთან, 10 რესპონდენტიდან 7 ემხრობა ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის მთავრობის, კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ (71%), ისევე როგორც უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას (70%). მოქალაქეთა უმრავლესობა ასევე ეთანხმება რუსული მედიის აკრძალვას (63%) და უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის შესყიდვასა და მიწოდებას (59%).

"ევრობარომეტრის" გამოკითხვა „ევროკავშირის რეაგირება ენერგეტიკულ კრიზისზე“ ჩატარდა 27 წევრ ქვეყანაში 2022 წლის 23-დან 30 ნოემბრამდე. ონლაინ გამოკითხულია 26 337 მოქალაქე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები