მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს რომელ ქვეყანაშია ყველაზე მეტი ელექტრომობილი?

645cc7ba9577a
სალომე ხიდურელი
12.05.23 00:00
742
მიუხედავად იმისა, რომ კლიმატურ კრიზისს მხოლოდ ელექტრომობილებით ვერ გადავჭრით, მათი წილი ნახშირბადის ემისიების შემცირებაში საკმაოდ მაღალია. სწორედ ამიტომ, ბატარეებზე მომუშავე ავტომობილები დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება.

Euronews-ის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებში ელექტრომობილების რაოდენობა 2021 წელთან შედარებით, 58%-ით - 1.9 მილიონიდან 3.1 მილიონამდე - გაიზარდა. 2019 წლიდან 2022 წლამდე კი მსგავსი ავტომობილების რაოდენობა 400%-ით არის გაზრდილი.

გარდა ამისა, 2021 წლის მონაცემებით, ევროკავშირში მცხოვრებ ყოველ 10 000 ადამიანზე 76 ელექტრომობილი მოდის, რაც გაცილებით აღემატება 2013 წლის მონაცემებს - 2 ელექტრომობილი 10 000 მოქალაქეზე.

სამგზავრო ავტომობილები ევროკავშირის საერთო ნახშირბადის ემისიების 12%-ზეა პასუხისმგებელი.

თებერვალში ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლის მიხედვითაც დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა 2035 წლიდან სრულად აიკრძალება. აღნიშნული კანონი ევროსაბჭომ უნდა დაამტკიცოს, თუმცა მისი განხილვა გადაიდო, ვინაიდან კანონის მისაღებად საჭირო ხმათა უმრავლესობის მოპოვება რეალისტური მიზანი არ აღმოჩნდა.

Eurostat-ზე დაყრდნობით, 2013 წელს ევროკავშირში სულ 52 000 ელექტრომობილი იყო, 2016 წელს ეს რიცხვი შესამჩნევად გაიზარდა და 600 000-ს მიაღწია, 2022 წელს კი 3 მილიონს გადააჭარბა.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ელექტრომობილი გერმანიაში (1 089 854), ბრიტანეთში (641 801), საფრანგეთში (605 791) და ნორვეგიაში (603 697) ფიქსირდება.

სიაში მეხუთე ადგილზეა ნიდერლანდები (318 485), შემდეგ მოდის შვედეთი (205 212) და იტალია (167 213).

ნავარაუდებია, რომ ელექტრომობილების რაოდენობა 2035 წლის აკრძალვამდე კიდევ უფრო გაიზრდება. IEA-ს ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წლისთვის EU-ში ყოველი მეხუთე ავტომობილი ელექტრო იქნება. გარდა ამისა, მსგავსი ტიპის ავტომობილების გაყიდვების 35%-იანი ზრდაა ნავარაუდები: თუ 2022 წელს მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონი ელექტრომობილი გაიყიდა, წელს ეს რაოდენობა 14 მილიონამდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები