მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU საქართველოში მის 5 საინვესტიციო პრიორიტეტს ასახელებს - რა მიმართულებით ჩაიდება 3.9 მლრდ

6171137924b72
შოთა ტყეშელაშვილი
21.10.21 13:08
3832
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ლორენს მერედიტმა, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ ევროკავშირს საქართველოში ინვესტიციების მიმართულებით 5 პრიორიტეტი აქვს განსაზღვრული. მისი თქმით, საქართველო EU-სგან მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს სატრანსპორტო, ციფრული ტექნოლოგიების, რეგიონული განვითარების, მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით.

ეს პროექტები 3.9-მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველო ევროკავშირისგან სესხებისა და გრანტების სახით მომდევნო წლებში მიიღებს. თავად ევროკავშორმა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრი ქვეყნებისთვის მრავალმილიარდიანი დაფინანსების პაკეტი 2021 წლის ზაფხულში წარადგინა.

5 პრიორიტეტი, რაც EU-ს აქვს განსაზღვრული:

„ჩვენი ვიზიტის დროს ვიწყებთ ხუთ ფლაგმანურ ინიციატივას საქართველოსთვის. პირველი ორი ფლაგმანი პროექტი ეხება შავ ზღვას და ჩვენ განვიხილავთ კავშირს როგორც სატრანსპორტო, ასევე ციფრული თვალსაზრისით.

მესამე, ციფრული განვითარების თვალსაზრისით, ვგეგმავთ 1000 სოფლის დახმარებას, რომ მიიღონ წვდომა მაღალსიჩქარიან ინტერნეტ კავშირებზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო ადევნებს თვალს გლობალურ ტექნოლოგიურ ცვლილებებს.

 მხარს ვუჭერთ 80,000 მცირე და საშუალო საწარმოს მომდევნო წლებში და ჩვენ გვსურს სრულად გამოვიყენოთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც აქვს საქართველოს ევროკავშირთან.

მეხუთე ფლაგმანი ეხება ჰაერის ხარისხს, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის გამოწვევა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ზოგიერთ სხვა ქალაქში, ამიტომ ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ მილიონობით მოქალაქეს სუფთა ჰაერის ამოსუნთქვით, ჩვენი ძალისხმევის გააქტიურებით “- აღნიშნა ლორენს მერედიტმა.

”საქართველოს დახმარებისა და მხარდაჭერის ორი ცალკეული სვეტი არსებობს. მე ბევრს ვისაუბრე ინვესტიციებზე, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ განვსაზღვროთ მმართველობის სფეროებში რეფორმის საჭიროება.

და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ინვესტიციას თან ახლდეს აშკარა პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო ადმინისტრაციის რეფორმისა და დემოკრატიის და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის სფეროებში,”- აღნიშნა ლორენს მერედიტმა.

მოწოდება რეფორმებისკენ:

თუმცა, როგორც ლორენს მერედიტი აღნიშნავს, EU-ს ინვესტიციებთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ აჩვენოს რეალური პროგრესი რეფორმების მიმართულებით.

“ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის ინვესტიციებზე, თუმცა მნიშვნელოვანია ასევე მმართველობის თვალსაზრისით რეფორმების გატარება. ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი, სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართულებით და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების მიმართულებით.

ეს არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და ამ მხრივ რეფორმები აუცილებელია არამხოლოდ საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, თანაბარი საარსებო პირობების შესაქმნელად, ინვესტორების მოსაზიდად და, საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსატანად", - განაცხადა ლორენს მერედიტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები