ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულება უბრალოდ ცუდი კი არა ძალიან საშიშია და ამაზე არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ქართული ბიზნესიც სერიოზულად უნდა დაფიქრდეს. ასეთია სანდრო ჭუმბურიძის მოსაზრება, რომელიც გამოსავალს ეკონომიკურ რეფორმებში ხედავს.
საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოში ამუშავებენ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს იმ კომპანიებისთვის, რომელთა მიზანი ევროკავშირში ექსპორტია.
„რამდენიმე წელია ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და რა პერსპექტივები გააჩნია ასოცირების შეთანხმებას. რუსეთთან თანამშრომლობა რისკიანია და დღეს ალტერნატივა ევროპულ ბაზარს ნამდვილად არა აქვს. ნებისმიერი ქართველი ბიზნესმენი უნდა დაფიქრდეს, რამდენად ღირს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების შენარჩუნება. იმისათვის, რომ უფრო შედეგიანად გამოვიყენოთ ასოცირების ხელშეკრულება რეფორმებია საჭირო - ქართული ეკონომიკის განვითარების ერთადერთი გამოსავალი რეფორმები და ინიციატივებია.
ბოლო წლებში გამოიკვეთა, რომ სამწუხაროდ იმ ქვეყნების რიგს არ მივეკუთვნებით, ვინც სტაბილურად დიდი რაოდენობის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც შეიძლება ევროპულ ბაზარზე შეიტანო, ევროპული ბაზარი კი თანამშრომლობის უწყვეტობას ითხოვს, რომელიც მდგრადი წარმოების ქონას გულისხმობს. აქედან გამომდინარე ერთ-ერთი წამახალისებელი ინიციატივა იქნება, რომ ის კომპანიები, რომლებსაც საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე პროდუქცია გააქვთ სახელმწიფოს მხრიდან წახალისდნენ და საგადასახადო შეღავათი ჰქონდეთ. თუ ჩვენ ექსპორტის მდგრადი განვითარება და ევროპის ბაზარზე ფეხის მოკიდება გვინდა, ყველა შემთხვევაში შეღავათები უნდა დაწესდეს“, - განაცხადა სანდრო ჭუმბურიძემ.
მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს ინიციატივაა, რომ შეღავათების კლასიფიკაცია საგადასახადო სისტემის მიერ მოხდეს.
„ფინანსთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს კლასიფიცირება, სად შეიძლება კომპანიას შეღავათი მისცენ და თქვას, რომ თუნდაც 2 წლის განმავლობაში ამ კომპანიებს საგადასახადო შეღავათი ექნებათ. ეს შეღავათი მცირედიც, რომ იყოს კარგი წამახალისებელი ფორმა იქნება იმ ბიზნეს კომპანიებისთვის, ვინც ევროპულ ბაზარზე ოპერირებს. ამ შემთხვევაში სხვა კომპანიასაც გაუჩნდება სურვილი, რომ მას შესაძლებლობა გაუჩნდება. სხვანაირად წარმოუდგენელია რუსულ ბაზარს კონკურენცია გაუწიო. ეს არის ბაზარი, რომელიც არასოდეს და მითუმეტეს დღეს არ არის კონტროლირებადი“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ სწორედ ახლა არის ის დრო, როდესაც სრული დივერსიფიკაციის პროცესი დაიწყოს და ამაში ხელისუფლებამ თავისი ინიციატივა რეფორმების თვალსაზრისით გაიტანოს.
სანდრო ჭუმბურიძის თქმით, აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან შეხვედრა იანვრის ბოლოს იგეგმება.