მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

European Press Prize საქართველოში პირველად ZEG Storytelling Festival-ის ფარგლებში გაიმართება

644fa70825eb5
სალომე ხიდურელი
02.05.23 09:30
420
„წელს Zeg Storytelling Festival ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება ჩვენი ქვეყნისათვის“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ ZEG ფესტივალის ორგანიზატორებმა ქეთი ებანოიძემ და ნატალია ანთელავამ ისაუბრეს. კერძოდ, მათი თქმით, წელს საქართველოში პირველად ZEG ფესტივალის ფარგლებში ევროპის მასშტაბით ჟურნალისტებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება European Press Prize გაიმართება.

“ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 150 წამყვანი ჟურნალისტი, რომელიც აქტიურად მუშაობს და აშუქებს, ჩამოვა საქართველოში, თბილისში, ნახავს ჩვენს ქვეყანას და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოეწონებათ ის და შემდეგ, დაწერენ კიდეც ჩვენზე“, - ამბობს ქეთი ებანოიძე.

European Press Prize-ის დაჯილდოება უკვე 10 წელია არსებობს და პრიზს 5 სხვადასხვა კატეგორიაში ჟურნალისტური საქმიანობისთვის გასცემს.

როგორც ნატალია ანთელავა აღნიშნავს, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დაჯილდოების ცერემონიალი აღმოსავლეთ ევროპაში ჩატარდება.

„ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ დაჯილდოება, ეს არის European Press Prize-ს კოლაბორაცია ZEG ფესტივალთან. დაჯილდოება სხვადასხვა ქალაქში იმართება ხოლმე, მაგრამ, სხვათა შორის, ბერლინის აღმოსავლეთით აქამდე არსად ჩატარებულა.

მიგვაჩნია, რომ დღევანდელი კონტექსტით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ჩვენც რომ ცოტა უფრო ევროპის ნაწილად ვიგრძნოთ თავი. ამიტომ, როდესაც მოგვაფიქრდა, რომ გვემასპინძლა ამ დაჯილდოებისთვის აქ, მოეწონათ იდეა და უკვე ერთად ვმუშაობთ დეტალებზე“, - აღნიშნავს ნატალია ანთელავა.

ორგანიზატორების განმარტებით, European Press Prize-ს წლევანდელი ნომინანტები ZEG Storytelling Festival-ის ფარგლებში სპიკერებადაც იქნებიან წარმოდგენილები. ფესტივალის სტუმრებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ ამ ჟურნალისტებს და დაესწრონ დაჯილდოების ცერემონიალსაც.

რაც შეეხება ფესტივალს, ZEG Tbilisi Storytelling Festival ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია ჩვენს რეგიონში, რომელიც 2019 წელს დაარსდა და აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ.

წელს ფესტივალი 8-10 ივნისს ჩატარდება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები