მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Eurowings: “ყველას მოვუყვებით, როგორი არაჩვეულებრივია საქართველო და რომ დაგეგმონ აქ შვებულება”

60e4b3e174683
მარიამ ადამია
07.07.21 00:10
709
“პირველად ვარ საქართველოში და აუცილებლად მოვუყვები ყველას, მეგობრებსაც და კოლეგებსაც, როდესაც დავბრუნდები სამშობლოში, როგორი არაჩვეულებრივია საქართველო, თავისი ისტორიით, კულტურით, კულინარიით და სტუმარმასპინძლობით და რომ აუცილებლად დაგეგმონ შვებულება ამ ქვეყანაში, მითუმეტეს ახლა უკვე Eurowings-ის დახმარებით, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მარტივდება,” - ამის შესახებ Eurowings-ის ბიზნესგანვითარების მენეჯერმა, არნოლდ ბორიამ, BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გეგმები აქვთ და სიახლეებიც მალე იქნება, თუმცა ჯერჯერობით ავიაკომპანია დაკვირვების რეჟიმშია, თუ როგორი იქნება მოთხოვნა და მგზავრთნაკადი ახალ ბაზარზე.

“პანდემია, ისევე როგორც მთელი საავიაციო სექტორისთვის, ჩვენთვისაც უდიდესი გამოწვევა, გამოცდა და გამოცდილება აღმოჩნდა და ამ სირთულეების ფონზე მოხარულები ვართ რომ ახალ ბაზარზე, საქართველოში მოვახერხეთ შესვლა. ჩვენ ახლაც ნაწილობრივ პანდემიურ რეჟიმში ვცხოვრობთ, ევროპაში შეზღუდვები ისევ ძალაშია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც ნახეთ პირველი ფრენა საქართველოსა და გერმანიაში კვირას, 4 ივლისს უკვე შესრულდა და თანაც სრული ბორტით და 172 მგზავრით. ეს ნამდვილად კარგი ამბავია,” - განაცხადა არნოლდ ბორიამ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებას, რომ საქართველოში შემოსულიყვნენ, ხანგრძლივი მოლაპარაკებები ახლდა თან და სანამ ბაზარზე შემოვიდოდნენ, აკვირდებოდნენ ქვეყნის მასშტაბს, განვითარების პოტენციალს, მგზავრების სავარაუდო რაოდენობას, ინფრასტრუქტურას, ასევე ტურ-ოპერატორთა და მგზავრთა ინტერესებს და მხოლოდ ამ ყველაფრის დათვლისა და გაანალიზების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება.

“ეს არის ერთგვარი ჯაჭვი, რომელზეც დგას ავიაციის სექტორი და სწორედ ამ ინდიკატორებს ვუყურებთ ჩვენც, როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ. ჩვენ ამ თემებზე გვქონდა შეხვედრა მინისტრებთან საქართველოში და თანაც არაერთი. Eurowings-ის შემოსვლას ხანგრძლივი მოლაპარაკება ახლდა თან. თუმცა დღეს უკვე სიხარულით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ აქ ვართ და ეს აუცილებლად მზარდი სტატისტიკით გაგრძელდება,”- განაცხადა ბიზნესგანვითარების მენეჯერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები