მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა კრიპტოაქტივების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულაცია დაამტკიცა

64424cc389048
გიორგი თოლორდავა
21.04.23 12:45
1620
ევროკავშირის პარლამენტმა კრიპტოაქტივების არსებობის ისტორიაში ყველაზე მრავლისმომცველი და მნიშვნელოვანი რეგულაცია დაამტკიცა. აღნიშნულ კანონპროექტს კენჭისყრაზე 517-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 38-ის წინააღმდეგ.

კრიპტო ბაზრების აქტი, ე.წ. MiCA ისტორიაში პირველი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც ინდუსტრიის სრულ რეგულირებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ჩარჩო მოიცავს როგორც შეზღუდვებს, აგრეთვე აღსრულების მექანიზმებსა და სანქციებს.

MiCA-ს ფარგლებში ბირჟებსა და კრიპტოსერვისების პროვაიდერებს დაევალებათ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მექანიზმების ინტეგრირება, მომხმარებლის ვინაობის ვერიფიცირება, საეჭვო ტრანზაქციების შესახებ მარეგულირებლისთვის მონაცემების მიწოდება, კლიენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კოლაფსის შემთხვევაში - პასუხისგება.

პროექტის ინიციატორების შეფასებით, აღნიშნული რეგულაცია მიზნად ისახავს კრიპტოინდუსტრიის სტანდარტიზაციას, თაღლითური პრაქტიკის აღკვეთას, მომხმარებლების მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ფულის გათეთრების რისკების შემცირებას.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მკაცრი რეგულაციები წესდება სტეიბლკოინების გამომშვები კომპანიებისთვის. მათ დაევალებათ გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, აუდიტირებული ანგარიშგებების წარმოდგენა და ბანკების მსგავსად კანონით განსაზღვრული ბუფერების შენარჩუნება. ეს რეგულაცია პირდაპირ მიემართება Tether-ს, Circle-ის სტეიბლკოინსა და Binance-ის მიერ გამოშვებულ BUSD-ს.

გარდა ამისა, ევროკავშირის საფინანსო ბაზრების მარეგულირებელ ორგანოს მიეცემა უფლებამოსილება, შეზღუდოს ნებისმიერი ბირჟის, კომპანიისა თუ პლატფორმის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას.

ახალი რეგულაცია ძალაში 2024 წლიდან შევა, კრიპტოკომპანიებს მოსამზადებლად დაახლოებით ერთ წელი აქვთ. Binance-ის დირექტორის, ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, კრიპტობირჟა სრულ შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის რეგულაციებთან და ის ზედმიწევნით შეასრულებს დაწესებულ მოთხოვნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები