მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინა 7-დან 2 პირობას აკმაყოფილებს - Reuters

649187d0db96c
გიორგი თოლორდავა
20.06.23 15:13
681
ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების პროცესის დასაწყებად განსაზღვრული შვიდი პირობიდან უკრაინა მხოლოდ ორს აკმაყოფილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრიორიტეტების უდიდესი ნაწილი ჯერაც შეუსრულებელია, - ინფორმაციას ამის შესახებს წყაროებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.

როგორც ირკვევა, უკრაინის პროგრესის შესაფასებლად ევროკავშირი სპეციალურ ანგარიშს ამზადებს, რომელშიც შესრულებულად მხოლოდ ორი პრიორიტეტი ითვლება, ესენია: მედიის შესახებ კანონის მიღება და სასამართლო რეფორმის გატარება.

მართალია, გასულ წელს უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, თუმცა ორგანიზაციაში ოფიციალურად გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების პროცესი უნდა დაიწყოს, თავად ამ პროცესის წინაპირობად კი შვიდი პრიორიტეტის შესრულება დასახელდა, მათ შორისაა: სასამართლოს და ძალოვანი უწყებების რეფორმა; ოლიგარქიის შეზღუდვა; უმცირესობების უფლებების დაცვა; ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა; მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და კორუფციის აღმოფხვრა.

უკრაინის შესახებ სრულ ანგარიშს ევროკავშირი მიმდინარე კვირას გამოაქვეყნებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული ზემოხსენებული პრიორიტეტების შესრულების საკითხი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები