მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკოდები მშენებლობაში - როდის გადავა საქართველო ევროპულ სტანდარტზე?

6176d102bc7f3
ელენე გოგბერაშვილი
30.10.21 10:02
1204
დღემდე ქვეყანაში შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილი საბჭოური სტანდარტებით შენდება. საქართველოს უკვე აქვს სამშენებლო კოდექსი, რომელიც აჩენს ვალდებულებას, ქვეყანამ საერთაშორისო სამშენებლო კოდები ანუ ე.წ. ევროკოდები დანერგოს, თუმცა დღემდე მშენებლობა ისევ ძველი სტანდარტებით მიმდინარეობს.

ევროკოდები, რომელიც შენობების კონსტრუქციის, დაპროექტების, სეისმომედეგობის და კიდევ ბევრ სხვა მშენებლობასთან დაკავშირებულ წესს ადგენს, ეკონომიკის სამინისტრომ თარგმნა, თუმცა იმისთვის, რომ ის ამოქმედდეს, სავალდებულოა დოკუმენტს თან ახლდეს ეროვნული დანართიც, რაც ჯერ სამინისტროს შემუშავებული არ აქვს.

გარდა იმისა, რომ დღეს ქვეყანა ძირითადად საბჭოურ სტანდარტს იცნობს, არსებობს დადგენილებაც, რომელიც 33 ქვეყნის ტექნიკურ რეგლამენტს აღიარებს, რომლის შესაბამისადაც, შესაძლებელია ქვეყანაში მშენებლობების განხორციელება.

სპეციალისტები პრობლემას სწორედ ამ ნაწილში ხედავენ. მათი შეფასებით, არ შეიძლება ქვეყანას რამდენიმე სტანდარტი ჰქონდეს.

როგორც გავარკვიეთ სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ჯერ ევროპულ სტანდარტზე გადასვლის სავალდებულოდ შემოღებას არ აპირებს. როგორც სააგენტოს სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე თათია ბერიკაშვილმა განგვიცხადა, 10 ევროკოდიდან, ჯერ მხოლოდ 1 აქვთ გაგზავნილი დასარეგისტრირებლად. სრულად ეს პროცესი კი 2022 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მათი თქმით, თავდაპირველად საერთაშორისო სტანდარტები სავალდებულო არ იქნება, თუმცა როდის შევა ძალაში ევროპული წესები, რომელსაც დიდი ხანია ელოდება როგორც კერძო სექტორი, ისე - სპეციალისტები, ჯერ ამაზე პასუხი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას არ აქვს.

"ეროვნულ დანართებზე პერიოდულად კომიტეტები იკრიბებიან და მიმდინარეობს მუშაობა, რომ ყველა ევროკოდს შესაბამისი ეროვნული დანართი ჰქონდეს, თუმცა როდის იქნება მზად ზუსტად დროს ვერ გეტყვით.

უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გვინდა, რომ ევროკოდების უმრავლესობა სტანდარტად გვქონდეს დარეგისტრირებული. სულ არის 10 ევროკოდი, პარალელურად სხვადასხვა სტანდარტსაც ვთარგმნით, რომელიც ევროკოდებშია მოხსენიებული და ვაგრძელებთ მუშაობას. საკმაოდ ბევრი სტანდარტია და მოცულობითი სამუშაოა.

თავდაპირველად სტანდარტები სავალდებულოდ შესასრულებელი არ იქნება, თუმცა შესაძლებელი იქნება გამოყენება. რამდენიმე წელი გვინდა, რომ გაეცნოს ხალხი, პირობითად 2-3 წელი და შემდგომ სავალდებულოდ დავნერგოთ. ჯერჯერობით, ასე ვფიქრობთ, თუმცა დაველაპარაკებით შესაბამის წრეებს. გვსურს, ევროკოდები სტანდარტად 2022 წლამდე გვქონდეს დარეგისტრირებული თავისი ეროვნული დანართით“, - აცხადებს ბერიკაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები