„ევროკომისიიდან გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტარებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ“ - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რას აკეთებს მმართველი პარტია იმისთვის, რომ ქვეყნისთვის საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იყოს და რატომ ესხმიან თავს ევროპარლამენტარებს ხელისუფლების წარმომადგენლები.
ირაკლი კობახიძის თქმით, კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებას არა ევროპარლამენტი, არამედ ევროკომისია იღებს და ის ევროპარლამენტარები, ვინც საქართველოს მიმართ კრიტიკულ გაცხადებებს აკეთებს, ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენენ.
„ევროკომისიიდან მაღალი რანგის წარმომადგენლები რომ გვხვდებიან, გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტარებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მათ ნუ უსმენთ, მათი შეფასებები არ არის მნიშვნელოვანიო და მათ შეფასებებს გავლენა არ აქვს ევროკანდიდატის სტატუსის მიღებაზეაო. ჩვენი პასუხი არის, რომ აუხსენით მაშინ ეს ხალხს. ვერ დავასახელებ ვინ გვეუბნება, მაგრამ ძალიან მაღალი რანგის თანამშრომელზეა საუბარი, მათზე ვისაც განსაკუთრებული სიტყვა ეთქმით. დახურული შეხვედრიდან გარეთ ვერ გამოვიტან, მაგრამ ეს ისაა, რასაც გვეუბნებიან, საჯაროდ მაგას ვერ იტყვიან. ევროპარლამენტის მიმართ საჯარო უპატივცემულობას ვერ დააფიქსირებენ. გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილებას იღებს ევროკომისია და არა ევროპარლამენტი“, - განაცხადა კობახიძემ.