მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევროპა ელოდება ელექტროენერგიას ჩვენი რეგიონიდან, რაც საქართველოდან და აზერბაიჯანიდან უნდა გავიდეს“

636c9d777fc1b
თამთა ჯიჯავაძე
10.11.22 19:35
620
ფაქტია, რომ დღეს ევროპა ელოდება ელექტროენერგიას ჩვენი რეგიონიდან, რაც საქართველოდან და აზერბაიჯანიდან უნდა გავიდეს, - ამის შესახებ კომპანია „ბემონის“ დამფუძნებელმა გიორგი მირცხულავამ Forbes Infrastructure-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს პერსპექტივა იმისა, რომ 3-5 წელიწადში, როგორც აზერბაიჯანი, ასევე საქართველოც ერთ-ერთი მოთამაშე გახდება.

თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ამ მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად ინფრასტრუქტურულად დღეს არც საქართველო და არც აზერბაიჯანი მზად არ არის.

„სრულიად ახალი და თანამედროვე ინფრასტრუქტურაა მოსაწყობი, როგორც 1990-იან წლებში ნავთობსადენი და გაზსადენი აშენდა, ისე მოგვიწევს მასშტაბური ინფრასტრუქტურის – ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურების აშენება. უფრო მეტიც, ამ მოცულობის ელექტროენერგიის მისაღებად და გასატარებლად არც თურქეთია მზად. მოსაწყობია 500 კილოვატის ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგური თურქეთთან დასაკავშირებლად. ამ კუთხითაც „ბემონში“ გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, რომ ამ სამუშაოებში ჩვენს აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას“, - აღნიშნა მირცხულავამ.

ცნობისთვის, გასულ თვეს საქართველოში ვიზიტისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „რეგიონში იქმნება ახალი რეალობა“ და ელექტროენერგიის ექსპორტს აზერბაიჯანი საქართველოს გავლით განახორციელებს. თუმცა, ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში, გიორგი მირცხულავას თქმით, საქართველოს შეუძლია გახდეს არა მხოლოდ აზერბაიჯანული ელექტროენერგიის ტრანზიტული ქვეყანა, არამედ ელექტროენერგიის ექსპორტიორიც, - „ამისთვის გვჭირდება მსხვილი ჰესების აშენებაც, რათა საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავება შევძლოთ და შემდეგ უკვე, შექმნილი ინფრასტრუქტურით, ქართული ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზარს მივაწოდოთ“, - დასძინა მან.

კითხვაზე, როგორ შეიძლება რომ ამას მივაღწიოთ, გიორგი მირცხულავა ამბობს, რომ ამისთვის მოსახლეობის, ბიზნესისა და სახელმწიფოს ერთად მუშაობაა საჭირო.

„ამ ყველაფერს სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერაც. ჩვენ ალბათ გასულ წელს ვერ წარმოვიდგენდით, რომ ევროპაში ახლა ასეთი ენერგოკრიზისი იქნებოდა, ესე იგი, მსგავს რისკებზე წინასწარ უნდა ვიფიქროთ.

შესაბამისად, ქვეყანამ თავისი პოტენციალი ბოლომდე უნდა აითვისოს. ის ქვეყნები, რომლებიც თავიანთ პოტენციალს მნიშვნელოვნად აითვისებენ, წინ იქნებიან. ჩვენ გაგვიმართლა და გვაქვს უდიდესი ჰიდრორესურსი. მისი არგამოყენება, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. ეს ქვეყანას განვითარებაში ხელს შეუშლის. ამიტომაც ვამბობ, რომ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ჰიდროპროექტების განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ვსაუბრობ მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და საიმედო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე. ჩვენი ქვეყნის „აბჯარი“ და დაცვა სწორედ დიდი ენერგოპროექტებია. ჯერჯერობით ჰიდროელექტრორესურსების პოტენციალი, მაქსიმუმ, 20%-ით არის ათვისებული“, - აღნიშნა მირცხულავამ.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 9 თვეში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტიდან $84 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის ხუთჯერ მეტია. ამასთანავე, ეს მაჩვენებელი უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი წინა წლის განმავლობაში 12 თვეში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა. ამ შემთხვევაში, ექსპორტის მატება თურქეთის ბაზარს უკავშირდება. კერძოდ, თუკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში თურქეთში 7.7 მილიონი დოლარის ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე, წელს მისი მოცულობა 79.5 მილიონ დოლარს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები