ევროკავშირში უჩვეულოდ ცივი ამინდების და ადგილობრივი მარაგების შემცირების გამო, ბუნებრივ აირზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა, რამაც ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ბუნებრივი აირის ფიუჩერსების ღირებულებამ 1000 კუბურ მეტრზე, 6 ოქტომბერს 1200 ევროს მიაღწია, რის შემდეგაც ის 865 ევრომდე შემცირდა, თუმცა წლის დასაწყისთან შედარებით ფასები 300%-ზე მეტად არის გაზრდილი.
ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი რუსეთის ფედერაციაა, რუსულ გაზს EU როგორც ჩრდილოეთის ნაკადის, ასევე ბელარუსის და უკრაინის გავლით იღებს. რუსეთის გარდა, მნიშვნელოვანი მიმწოდებლები არიან ნორვეგია, კატარი, ალჟირი, ნიგერია და დიდი ბრიტანეთი. 5%-ზე მცირეა სხვა ქვეყნების მათ შორის აზერბაიჯანული გაზის წილი. ევროკავშირს აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ტრანს-ანატოლიური მილსანდელის (TAP) მეშვეობით მიეწოდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მონაცემებით, 2021 წლის განმავლობაში ამ მილსადენით ევროკავშირს უკვე 5.5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდა, ხოლო მთლიანობაში 2021 წელს მისი დატვირთვა 8 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. ორგანიზაციის თანახმად, წელს აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ექსპორტის 15%-იანი ზრდა არის პროგნოზირებული.
ევროპას აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი საქართველოს გავლით, კერძოდ კი სამხრეთ-კავკასიური მილსადენების სისტემის (SCP) მეშვეობით მიეწოდება. ის უკავშირდება ტრანს-ანატოლიის გაზსადენს TANAP-ს, რომელიც თავის მხრივ დასავლეთ თურქეთის საზღვარზე უკავშირდება ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს TAP-ს. ტრანს-ადრიატიკის გაზსადენი კვეთს საბერძნეთსა და ალბანეთს, საიდანაც იგი ადრიატიკის ზღვის ფსკერზე მდებარე მილსადენით სამხრეთ იტალიისაკენ მიემართება. IEA-ს ანგარიშის თანახმად, 2022 წლიდან TAP-ის მილსადენის დატვირთვა 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.
2020 წელს საქართველოზე გამავალი სამხრეთ-კავკასიური მილსადენების, შაჰ დენიზი 1-ისა და შაჰ დენიზი 2-ის მეშვეობით, საერთო ჯამში 11.1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც ტრანზიტის რეკორდული მოცულობა იყო და ის 2019 წლის მაჩვენებელს 21%-ით აღემატებოდა. სავარაუდოდ, მიმდინარე წელსაც მისი დატვირთვა კიდევ 15%-ის ფარგლებში გაიზრდება.