ევროპული გაზი ბენჩმარკის Dutch TTF-ის ღირებულება ერთ კვირაში 22%-ით შემცირდა და მეგავატსაათი ენერგიის ფასი ამჟამად 187 ევროს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს აღნიშნული მაჩვენებელი რეკორდულ 340 ევროს აღწევდა, რაც Gazprom-ის მიერ Nord Steam 1-ის შეფერხებით იყო განპირობებული.
რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, ბრიტანული ბენჩმარკის ღირებულება ერთ კვირაში 27%-ითაა შემცირებული.
ენერგეტიკულ ბირჟაზე ბუნებრივი აირის გაიაფება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული. პირველ რიგში, ინვესტორებსა და ტრეიდერებს უჩნდებათ პოზიტიური მოლოდინი, რომ უკრაინა კრიტიკულ სამხედრო უპირატესობას მოიპოვებს და ომის მოსალოდნელზე ადრე დასრულებას შეძლებს, რაც, თავის მხრივ, მსოფლიო მასშტაბით რისკების შემცირებას და ფასების დასტაბილურებას გამოიწვევს.
მეორე საკვანძო საკითხი ევროკავშირის პოლიტიკაა. პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია სანქციების მორიგ პაკეტზე მუშაობს, რომელიც რუსულ ნავთობსა და გაზზე ფასის ლიმიტის დაწესებას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ენერგომოხმარების შემცირებისა და სტრატეგიული რეზერვების შევსების სტრატეგია, რომელიც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ამჟამად ევროკავშირის რეზერვები 84%-იან ნიშნულს აღწევს. აგრეთვე საგრძნობლად იზრდება EU-ს მასშტაბით თხევადი გაზის ტერმინალების მშენებლომის ტემპი.
მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის პროგნოზით, არსებული გეოპოლიტიკური ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლა გაგრძელდება და 2023 წლის პირველ კვარტალში ბუნებრივი აირის ფასი ამჟამინდელთან შედარებით თითქმის განახევრდება.