შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საზღვარი 4 918 036-ჯერ გადმოიკვეთა. შემოსვლა- გასვლისას აღრიცხული მოქალაქეებიდან 30% საქართველოს, ხოლო 70% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. საზღვრის კვეთის რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილს რუსეთის მოქალაქეები იკავებენ – მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში რუსეთის 443 624 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 427 443 გავიდა.
სტატისტიკაში შემდეგი თურქეთია 413 127 შემომსვლელით, მას მოსდევს სომხეთი და ევროკავშირის ქვეყნები. აპრილ-ივნისში საქართველოში შემომსვლელთა საერთო რაოდენობა 1 754 992 იყო, მათგან 1 092 903 ადამიანი ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით დარჩა, ხოლო 257 872-მა მოქალაქემ საქართველოს ტერიტორია ტრანზიტისთვის გამოიყენა.
ქვეყანაში ევროპელი ვიზიტორების ნაკლებობაზე საუბრობს ბიზნესი. სასტუმრო “ადამოს” მენეჯერი ამბობს, რომ წელს ეს ბაზარი, ნაკლებად აქტიურია. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი რეგიონში მიმდინარე ომია.
სასტუმროს წარმომადგენელი თვლის, რომ ქვეყანამ უკვე დაიწყოს აქტიურად მუშაობა ევროპის ბაზარზე, რომ დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველო ამ კუთხით უსაფრთხო ქვეყანაა.
“ჩვენთვის საინტერესო ბაზარი ყოველთვის არის ევროპა, რადგან მაღალი კულტურით და მაღალმხარჯველობით გამოირჩევა ეს ბაზარი. თუმცა ვერ გეტყვით, რომ წელს ევროპელი სტუმრები აქტიურობენ. ყველამ ვიცით, რომ ამას თავისი მიზეზები გაქვს. თუნდაც ჩვენი ლოკაცია, რომელიც ომთან ასოცირდება. შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი არგუმენტი. უფრო მეტად არის საჭირო, რომ ევროპულ ბაზრებზე მოხდეს დამტკიცება, რომ ქვეყანა არის აბსოლუტურად მშვიდ რეგიონში. ამის გარკვეული გარანტია სჭირდება ევროპას. ევროპელები ყოველთვის ერთი წლით ადრე გეგმავენ ამიტომ, ვფიქრობ, საქართველომ უნდა დაიწყოს ფართო პოპულარიზაცია იმის, რომ ჩვენთან მშვიდობაა”,- ამბობს მაია მახათაძე.