გადამზიდავი კომპანია “მინტრანსის” დამფუძნებელი ირმა ვარსიმაშვილი მიიჩნევს, რომ ტვირთბრუნვაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო მნიშვნელოვანია, ქართულ პორტებში სატვირთო ბორნების რაონდენობა გაიზარდოს. მისი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით მხოლოდ ერთი ბორანი ოპერირებს, რომელიც ბათუმის პორტიდან ბულგარეთის ქალაქ ბურგას შორის დაცურავს; მოთხოვნა კი იმდენად გაზრდილია, რომ კომპანიებს ბორანზე ადგილის დაჯავშნა ერთი თვით ადრე უწევთ.
მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომია, რის გამოც ბალტიის ქვეყნებმა და პოლონეთმა რუსეთისა და ბელორუსის სატრანზიტო ტრანსპორტს საზღვრი ჩაუკეტეს, რამაც როგორც ვარსიმაშვილი ამბობს, მთელი რიგი სატვირთო მარშრუტის შეცვლა გამოიწვია. კერძოდ, მისი თქმით, შუა აზიისკენ მიმავალი ტრაილერები აქამდე თუ ევროპას ბელორუსი/რუსეთის გავლით ტოვებდნენ, ამჯერად ტრანზიტით თურქეთ/საქართველოს მიმართულებით სიარული მოუწევთ.
გარდა სახმელეთო გადაადგილებისა, საკმაოდ მნიშვნელოვანია ბულგარეთიდან ბორნით საქართველოში ტრანზიტიც.“მინტრანსის” დამფუძნებელის განცხადებით, ტრანსპორტის ნაკადის ზრდა, ბორნების დამატების მოთხოვნას აჩენს.
“რამდენიმე წლის წინ, ძალიან აქტუალურად განიხილებოდა რუმინეთიდან ბორანის დანიშვნის საკითხი, კონკრეტულად კი კონსტანცადან. საუბარი ასევე იყო სახელმწიფოს მხრიდან დოტაციაზეც. ძალიან კარგი იქნება თუ ამ საკითხზე ისევ გამახვილდება ყურადღება. სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებების გარეშე და მხოლოდ საკუთარი სურვილით ვერცერთი ბორანი პორტში ვერ შედის. მთავრობამ მონაწილეობა უნდა მიიღოს იმაში, რომ ბულგარეთის თუ რუმინეთის მიმართულებაზე ბორნები დაინიშნოს. მოთხოვნა ისეა გაზრდილი, რომ შესაძლოა სახელმწიფოს დოტაციაც აღარ იყოს საჭირო. ეს ქვეყნისთვის ძალიან მომგებიანია, რადგან საქართველოში ტვირთი უფრო მალე შემოვა. ამასთან, შემცირდება იმპორტირებული პროდუქტის თვითღირებულებაც. საქართველოში შემომავალი მანქანები გვიან შემოდიან, დიდხანს რომ დგებიან რიგში, ბევრი საწვავი სჭირდებათ, რაც საბოლოო ჯამში ტრანსპორტირების ფასს ზრდის. ეს უკანასკნელი კი პროდუქციის ფასზე აისახება”,-ამბობს ვარსიმაშვილი.
“მინტრანსის” დამფუძნებელის თქმითვე, ახალი ბორნის ოპერირების საკითხი ბევრ ბიუროკრატიულ პროცედურას მოიცავს და ამ ნაწილშიც სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანია.