გაზრდილი ინფლაციის დასაძლევად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
ECB-ის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით (+0.25%) გაზარდა, რაც თანხვედრაშია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელთან.
დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, რეფინანსირების ძირითადმა განაკვეთმა 4.50%-იან ნიშნულს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრაზეც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზო პუნქტით გაიზარდა.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის შემსუბუქება ინფლაციური ინდიკატორების გაუმჯობესებითაა განპირობებული, კერძოდ, წინა თვეს ევროზონის მასშტაბით ინფლაციის დონე 5.3%-მდე შემცირდა, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.
რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციის დონის მაკონტროლებელი ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმია, რომლის გამოყენებასაც თან ახლავს გარკვეული გვერდითი მოვლენები. როგორც წესი, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკის შენელებას იწვევს, მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებული ვითარების პირობებში კი, ევროკავშირი რეცესიის მზარდი რისკების წინაშე დგას, შესაბამისად, ცენტრალურ ბანკს ინფლაციის კონტროლსა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას შორის საკმაოდ რთული და დელიკატური ბალანსის დაცვა უწევს.