Facebook-ის გლობალური გათიშვის გამო, მარკ ცუკერბერგის პირადი შემოსავალი ექვს მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, Facebook-ის აქციების ფასი 4,9%-ით შემცირდა, შესაბამისად, Bloomberg-ის მილიარდერების სიაში მარკ ცუკერბერგმა მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.
კომპანია Facebook-ი მომხმარებელს სოციალური ქსელის გათიშვის გამო ბოდიშს უხდის:
„გულწრფელ ბოდიშს ვუხდით ყველას, ვისაც შეეხო შეფერხება. ჩვენს ქსელთან დაკავშირებით პრობლემები შეგვექმნა და ჯგუფები მუშაობენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამართონ და აღადგინონ“, – წერია Facebook-ის განცხადებაში.
მასშტაბური ხარვეზის გამო, რამდენიმე საათის განმავლობაში Facebook-მა, Whatsapp-მა და Instagram-მა მუშაობა სრულად შეწყვიტა.