ცოტა ხნის წინ Meta-მ Facebook Messenger-ის დიდი განახლების შესახებ განაცხადა, რომლის შედეგად აპლიკაციას საინტერესო ფუნქციონალი ემატება – ამიერიდან აპლიკაციის ამერიკელი მომხმარებლები გადასახადების გაყოფას, უფრო ვრცელი ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნას და მესიჯების დაფარვას შეძლებენ. ამის შესახებ Forbes Georgia წერს.
ყველასათვის ცნობილია, რომ დროის გასვლასთან ერთად ტექნოლოგიური კომპანიები სულ უფრო და უფრო აქტიურად ნერგავენ ფინანსურ სერვისებსა და პროდუქტებს. გამონაკლისი არც Messenger-ი აღმოჩნდა: ამიერიდან ამერიკაში მყოფი მომხმარებლები, რომლებიც აპლიკაციას Android-ისა ან iOS-სისტემის მქონე სმარტფონით იყენებენ, გადახდების გაყოფას შეძლებენ. გადახდის თანაბრად ან სურვილისამებრ დასაყოფად, მომხმარებლები აპლიკაციაში უნდა შევიდნენ, პლუსის ფორმის ღილაკს დააჭირონ და ინსტრუქციას მიჰყვნენ – თანხის მოთხოვნასთან ერთად, მომხმარებლები შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნასაც შეძლებენ.
გადახდების გაყოფის ფუნქციონალის გარდა, Messenger-ის ამერიკაში მყოფ მომხმარებლებს უფრო გრძელი ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნაც შეუძლიათ – მათი ლიმიტი ერთი წუთიდან ნახევარ საათამდე გაიზარდა. ამასთანავე, ხმოვანი შეტყობინების გამგზავნი ჩანაწერის დაპაუზებასა და გაგრძელებას, ასევე ჩანაწერის გაგზავნამდე მოსმენას და წაშლას შეძლებს.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც Messenger-ს დაემატა – შეტყობინებების გაქრობის რეჟიმია. ამგვარად, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია ისეთი შეტყობინება, სურათი, GIF-ი ან სტიკერი გაგზავნოს, რომელიც ადრესატის მიერ წაკითხვის შემდეგ ავტომატურად წაიშლება. ამ ფუნქციის ჩასართავად, მომხმარებელმა ჩატი უნდა გახსნას და ზემოთ ასქროლოს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის Facebook Messenger-ის ბოლოდროინდელი განახლებები – ძალიან საინტერესოა და მოსალოდნელია, რომ დროთა განმავლობაში მათ საქართველოშიც ვიხილავთ.