„ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ კოვიდ-ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგ მაღალეფექტიანია. ამას BBC-ის ცნობით, ბოლო კვლევა ადასტურებს.
კვლევაში, რომელიც ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურმა ჩაატარა, აღნიშნულია, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა სიმპტომატური ინფიცირების შემთხვევების პრევენციის კითხით 88%-იან ეფექტიანობას აჩვენებს ინდური შტამის წინააღმდეგ მეორე დოზის მიღებიდან ორ კვირაში. ბრიტანული შტამის მიმართ ეს მაჩვენებელი 93%-ზეა.
„ასტრაზენეკას“ შემთხვევაში კი ინდური შტამის მიმართ 60%-იანი ეფექტიანობა ფიქსირდება ორივე დოზის მიღებიდან ორ კვირაში.
თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ორივე ვაქცინა მხოლოდ 33%-ითაა ეფექტიანი ინდური შტამის წინააღმდეგ პირველი დოზის მიღებიდან სამი კვირის განმავლობაში.
კვლევის ფარგლებში 12,675 შემთხვევა შეისწავლეს. კვლევა 5 აპრილიდან 16 მაისამდე პერიოდში ჩატარდა.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა მეტ ჰენკოკმა განაცხადა, რომ კვლევის შედეგები მას კიდევ უფრო არწმუნებს, რომ მთავრობას შეუძლია შეზღუდვების შემსუბუქება.