გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია პროგნოზირებს, რომ წელს სურსათის იმპორტის გლობალური ხარჯები ახალ რეკორდს მიაღწევს, თუმცა შარშანდელზე ბევრად უფრო ნელი ტემპით გაიზრდება. ამის შესახებ FAO-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
FAO-ს შეფასებით, წელს სურსათის იმპორტის გლობალური ხარჯები 1,98 ტრლნ დოლარამდე გაიზრდება, რაც, 2022 წელთან შედარებით, 1,5%-ით მეტია. 2022 წელს ხარჯი 11%-ით, ხოლო 2021 წელს 18%-ით გაიზარდა. ორგანიზაციის პროგნოზით, ამ მაჩვენებლების მიუხედავად, ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში სურსათის იმპორტი შემცირდება, ზრდა კი მხოლოდ განვითარებული ქვეყნების ხარჯზე ხდება.
იმპორტის კლების მიზეზად ორგანიზაცია მსოფლიო ფასების ზრდის შედეგად მოთხოვნის შემცირებას ასახელებს, რასაც ხილზე, ბოსტნეულზე, შაქარსა და რძის პროდუქტებზე კოტირების ზრდა იწვევს. ასეთი გავლენა ყველაზე მეტად ეკონომიკურად დაუცველ ქვეყნებზე აისახება. მაშინ, როცა მოწინავე ეკონომიკების ქვეყნებში სურსათის იმპორტის ზრდა გრძელდება, ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ჯგუფის იმპორტის ხარჯები წელს 1,5%-ით შემცირდება.
მთელ რიგ ძირითად საკვებ პროდუქტზე გლობალური ფასების შემცირებას შიდა საცალო ვაჭრობის დონეზე ფასთა სრული კლება არ გამოუწვევია, რის საფუძველზეც ორგანიზაცია პროგნოზირებს, რომ წელს შესაძლოა, ცხოვრების გაძვირების ზრდა შენარჩუნდეს.
FAO-ს ანგარიშში მითითებულია წარმოების სავარაუდო ზრდა უმეტეს კატეგორიაში, როგორიც არის ბრინჯი, ფურაჟული მარცვლეული, ზეთოვანი კულტურები, რძე, შაქარი, ხორცი, თევზი და თევზის პროდუქტები.
თუმცა ხორბლის გლობალური წარმოება, გასული სეზონის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, შესაძლოა, შემცირდეს.
სტუმარი: ჯუბა მარუაშვილი - FAO-ს პოლიტიკის მრჩეველი