მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფასები 30%-ით გაზრდილია“ - როგორ ხვდება აბასთუმანი ტურისტულ სეზონს?

648715077d12f
სალომე ხიდურელი
12.06.23 22:00
1195
კურორტ აბასთუმნის განვითარების ინიციატივა პირველად 2018 წელს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მაშინდელმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. მას შემდეგ აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაშიც, გასული წლის მონაცემებით, ₾250 მლნ-მდე დაიხარჯა. BM.GE დაინტერესდა, როგორ ხვდება კურორტი 2023 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონს და ადგილობრივ სასტუმროებს დაუკავშირდა.

როგორც Green Hotel Abastumani-ს მენეჯერი თემურ ვარდიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, წელს, წინა სეზონებთან შედარებით, ჯავშნები შემცირებულია.

„ამინდებიდან და კურორტზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ხალხი ცოტაა. ჯავშნები წინა სეზონთან შედარებით ნაკლებადაა. ძირითადი დამსვენებლები, მათი 80-90%, ქართველი ტურისტები არიან“, - ამბობს თემურ ვარდიძე.

განსხვავებული სიტუაციაა Hotel Harmony Abastumani-ში, რომელიც, მცირე ზომის სასტუმროა და 9 ნომერს სეზონზე სრული დატვირთვით ამუშავებს. როგორც სასტუმროს მმართველი კომპანია „42 გრადუსის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი გუგა აბაშიძე BM.GE-სთან აღნიშნავს, კურორტს საერთაშორისო ტურისტულ ფორუმებზე კარგი პიარი აქვს, რაც უცხოელ დამსვენებლებში ინტერესს ზრდის.

„საკმაოდ მზარდია ინტერესი უცხოეთიდან. საუბარია, როგორც პოსტ საბჭოთა ქვეყნებზე, ასევე კავკასიის რეგიონისა და ევროპის ქვეყნებზეც, გამომდინარე იქიდან, რომ კურორტი საკმაოდ ხარისხიანად პიარდება სხვადასხვა ტურისტულ ფორუმზე, ამას რაღაც შედეგიც მოაქვს. იმედი მაქვს, ეს ტენდენცია გაგრძელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს რაც შეეხება, ხელისშემშლელი არის რეალურად, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში დიდი გავლენა არ იქონია, რადგან ჩვენი სასტუმრო პატარაა, 9 ნომერი გვაქვს და დატვირთვა სეზონზე ყოველთვის არის. ბუნებრივია, დისკომფორტს ქმნის და რეაბილიტაციის პროცესი ცოტა გაიწელა, მაგრამ მაინც აუცილებელი იყო ამის გაკეთება და რა გეგმებიც აქვს მუნიციპალიტეტს კურორტთან მიმართებაში, საკმაოდ ეფექტურია. იმედია, 2024-25 წლებში უკვე მსოფლიო მასშტაბის კურორტი გახდება“, - ამბობს გუგა აბაშიძე.

სასტუმროების წარმომადგენლებს კურორტზე დასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებზეც ვესაუბრეთ. როგორც ისინი აღნიშნავენ, წინა სეზონთან შედარებით, ფასები მცირედითაა გაზრდილი.

„ფასები ცოტათი გაზრდილია, საგრძნობლად არა. უფრო მაღალი სეგმენტის სასტუმროების ფასები გაიზარდა, ვიდრე ოჯახური ტიპის სასტუმროების, რომლებიც რეგულარულ დამსვენებლებზე მუშაობენ და მათთვის ფასის ზრდა, შედარებით რთულია“, - ამბობს Hotel Harmony-ს წარმომადგენელი.

Green Hotel-ის მენეჯერის თქმით, ფასების ზრდა დამსვენებლების ნაკლებობამ გამოიწვია: „წინა სეზონთან შედარებით, ჩვენი ფასები, დაახლოებით, 30%-ით არის გაზრდილი. რადგან ხალხი ცოტაა და სასტუმროს ბევრი ხარჯი აქვს, რომელსაც დაფარვა სჭირდება“.

აღსანიშნავია ისიც, რომ აბასთუმანში საკომუნიკაციო არხები სრულად გამართულია, სასტუმროებს ელექტროენერგია და სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდებათ, თუმცა პრობლემა ინფრასტრუქტურაა. როგორც სასტუმროების წარმომადგენლები აღნიშნავენ, გასართობი და საკვები ობიექტები კურორტზე ნაკლებად არის, თუმცა მათი რაოდენობა მზარდია და მოთხოვნას შეესაბამება.

ცნობისთვის, აბასთუმნის განვითარებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა ინვესტორებთან შეხვედრა 5 ივნისს გამართეს. უწყების ინფორმაციით, გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა თითქმის ყველა ინვესტორი, რომლებიც აბასთუმანში სასტუმროების, რესტორნების, ასევე ღონისძიებების სივრცეების პროექტებს ავითარებენ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, 2025 წლის ზაფხულისთვის აბასთუმანში ძირითადი სასტუმროების უმეტესობა მზად იქნება სტუმრების მისაღებად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები