მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასების მატება, ტექნოლოგიების და კადრების დეფიციტი - რა გამოწვევების წინაშეა სოფლის მეურნეობა?

63db6a7ea7c91
თამთა ჯიჯავაძე
02.02.23 15:00
592
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, მხარეებმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ესწრებოდა "მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელი, რუსუდან გიგაშვილიც.


როგორც გიგაშვილმა bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მან შეხვედრაზე რამდენიმე გამოწვევა დაასახელა, რაც, მისი თქმით, სოფლის მეურნეობის დარგში ყველაზე მწვავედ დგას. მათ შორის არის კადრების დეფიციტი.

„დიდი გამოწვევაა ის, რომ საბრუნავი საშუალებები ძალიან გაძვირებულია… ფერმერის მდგომარეობა გაუარესებულია. შეხვედრაზე ამაზე იყო საუბარი. ასევე, ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, კადრების გადინების გამო შრომის ბაზარზე შექმნილ გამოწვევაზე.

ჩვენს დარგში სპეციალისტების ნაკლებობა ისედაც პრობლემა იყო. ამჟამად საერთოდ კატასტროფა ხდება. ახლა კადრების დეფიციტს თან ქვეყნიდან ადამიანების მასობრივი გადინება ერთვის. ამ პირობებში რომელ სუბსიდიაზეა საუბარი, ვინაიდან სახელმწიფომ დარგს მხარი რაც არ უნდა დაუჭიროს, ეს კიდევ უფრო შეცდომაში შეიყვანს მას, ვინაიდან მუშახელი არ არის და დარგი ვერაფერს გააკეთებს.

კადრების დეფიციტზე სამინისტროს პასუხი იყო, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, და რომ ეს არის მსოფლიოს პრობლემაა“, - განაცხადა რუსუდან გიგაშვილმა.

მისივე თქმით, პრობლემაა ტექნოლოგიების არარსებობაც.

"ტექნოლოგიების არარსებობის გამო, უფროდაუფრო არამომგებიანი ვხდებით. ამაზეც გავაკეთე აქცენტი. ამ კუთხით ყოველთვის გვაჯობებს მეზობელი ქვეყნები. მაგალითად, თურქეთი. თუმცა, ბოლო პერიოდში თურქული კარტოფილი რომ არ შემოდიოდა, ახლა რუსეთმა დაიწყო შემოტანა და ისეთი ტემპით შემოდის, რომ ცოტა ხანში შეიძლება როგორც რუსულ ხორბალზე ვართ დამოკიდებული, ასევე გავხდეთ რუსულ კარტოფილზეც", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, კარგია, როცა სამინისტრო დარგს ხვდება და ისმენს, რა გამოწვევებია, თუმცა, აუცილებელია, რომ ამას შემდეგ საჭირო ნაბიჯები მოჰყვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები