მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაშინიანი: საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი საკითხია

5e5e2096ccbd6
BM.GE
03.03.20 13:16
837
საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია,- ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობას ეფუძნება, მყარ საფუძველს უქმნის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

"მსურს, პირადად ჩემი და სომხური დელეგაციის ყველა წევრის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოში მოწვევისა და თბილი მიღებისთვის. ბედნიერი ვარ ამ საშუალებისთვის. მე მრავალჯერ აღმინიშნავს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. დარწმუნებული ვარ, ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. ეჭვგარეშეა, რომ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ისტორიულ მემკვიდრეობას, მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს თანამშრომლობას", - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, დემოკრატიის გამარჯვებამ და კანონის უზენაესობის დამკვიდრებამ ახალი ჰორიზონტები გაშალა ორი ქვეყნის ურთიერთობების გასაფართოებლად.

"კმაყოფილებით ვაფიქსირებ, რომ დღეს, ახალი ფაქტორები გაჩნდა, რომლებიც ჩვენს მეგობრობას განუყოფელს ხდის და კიდევ უფრო აძლიერებს თანამშრომლობის ჩვენს მისწრაფებას. ეს უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული მომავლის აშენების ჩვენი ორი ხალხების საერთო ხედვაა, რომელიც წარუშლელია ჩვენში და რწმენის ძალა აქვს. მართლაც, დემოკრატიის გამარჯვებამ და კანონის უზენაესობის დამკვიდრებამ ახალი ჰორიზონტები გაშალა ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების გასაფართოებლად.

სომხეთს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ დღეს გამართული მოლაპარაკებები გასული წლის ოქტომბერში ერევანში დაწყებული მოლაპარაკებების გაგრძელებაა.

"სიხარულით გავუსვით ხაზი, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, გასული წლის ივნისში, ერევანში ჩატარდა მთავრობათაშორისი სხდომა. ვისაუბრეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვადასხვა სფეროების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მნიშვნელობას. საუბარი შეეხო არა მხოლოდ სახმელეთო მარშრუტებზე, არამედ ელექტროენერგეტიკულ და ტელეკომუნიკაციურ კავშირებზე. მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიებს, განათლებასა და მეცნიერებას ეხება. ხაზი გაესვა ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გამყარებას. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების კავშირის გაძლიერებას. შევეხეთ რეგიონალურ უსაფრთხოებასა და მშვიდობას. ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა არის ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი გარანტთაგანი", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონული საკითხების მოგვარების ერთადერთი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია და მას ალტერნატივა არ აქვს.

"ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ კონფლიქტს აქვს თავისი თავისებურებები და ამ თვალსაზრისით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მგრძნობიარე საკითხებზე დაბალანსებული პოზიციის შენარჩუნებას. სომხურ-ქართული ტრადიციული ურთიერთობების გამყარების კონტექსტში ხაზს ვუსვამ საქართველოს სომხეთთან მნიშვნელოვან ღვაწლს მის განვითარებაში.

მადლიერნი ვართ საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული ნაბიჯებისთვის ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრს სომხური დელეგაციის მიღების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის . გავიგე ასევე, რომ დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება და ვულოცავ საქართველოს ყველა დედას", - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები