მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასის გაზრდას არ ვაპირებ - "ფერწო"

63592a8abd68b
თინათინ ნატმელაძე
27.10.22 09:00
616
ეკოპლასტელინის წარმოებისთვის საჭირო პროდუქტი სამჯერ და ოთხჯერ გაძვირდა, რის გამოც კომპანია "ფერწომ" საწარმოს ამოქმედება და პროდუქციის რაოდენობის გაზრდა ვერ მოახერხა, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გვანცა ამურველაშვილმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

ამურველაშვილის ცნობით, ეკოპლასტელინის პროდუქციაზე დაინტერესება საკმაოდ დიდია, მაგრამ ფასების მუდმივი ცვალებადობის გამო კომპანია მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

"საწარმოს მოწყობა ვერ შევძელი, რადგან პროდუქტზე ფასი ძალიან გაიზარდა და თანხის მობილიზება ვერ მოვახერხე. ვგეგმავდი, რომ დიდი რაოდენობის პროდუქცია მეწარმოებინა და რეგიონებშიც გამეყიდა, მაგრამ მაგალითად ლიმონმჟავა, რომელიც ადრე 4 ლარი ღირდა, ახლა 12 ლარი ღირს, ასევე გაიზარდა ზეთის და ფქვილის ფასი, ყველაფერი სამჯერ და ოთხჯერ ძვირია და შეუძლებელი გახდა, რომ საჭირო რაოდენობის პროდუქცია ვაწარმოო.

ჩემი აუდიტორია დღითიდღე იზრდება, ახლაც არის რამდენიმე დიდი კომპანია, რომელსაც უნდა ჩემი პლასტელინი, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, პროდუქტის ფასის ასეთი საგრძნობი ზრდის გამო ვერ ვახერხებ, რომ საკმარისი რაოდენობა ვაწარმოო და მოთხოვნა დავაკმაყოფილო", - განაცხადა გვანცა ამურველაშვილმა.

"ფერწოს" დამფუძნებელი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პროდუქციაზე ფასის გაზრდას არ აპირებს, რადგან ურჩევნია, რომ პროდუქცია მცირე რაოდენობით აწარმოოს, ვიდრე მომხმარებლისთვის შეძენა გაართულოს.

"ფასის გაზრდას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ ამით ჩემი შემოსავალი მცირდება, მირჩევნია, რომ ცოტა რაოდენობა ვაწარმოო, ვიდრე ადამიანებს მისი შეძენა გაუჭირდეთ, რადგან ამ ფასების ზრდის პროცესში მომხმარებელი ყველაფრის ყიდვას ვეღარ ახერხებს", - ამბობს გვანცა ამურველაშვილი.

ცნობისთვის: "ფერწო" ბაზარზე ორი წელია ოპერირებს და ეკოპლასტელინით სხვადასხვა საკანცელარიო მაღაზიებს ამარაგებს. პროდუქციის ფასი 2-15 ლარს შორის მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები