რიტეილ ექსპერტ მირანდა მანჯგალაძის შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან ფასის რეგულაციაში პირდაპირი ჩარევა ყოველთვის უკუკავშირს იძლევა, რომელიც მომხმარებელზე უარყოფითა მოქმედებს. ამის შესახებ მან გადაცემა „ანალიტიკაში“ რიტეილ სექტორში პროდუქტზე ფასების წარმოქმნის შესახებ საუბრისას განაცხადა.
საქმე ის არის, რომ თებერვლის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე სამომხმარებლო კალათის ძირითად პროდუქტებზე ბაზარზე არსებულ მაღალ ფასებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასები უნდა შემცირებულიყო. მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხზე საუბარი მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის 20 თებერვლის სხდომაზეც გააგრძელა, როგორც დაანონსებული იყო და სურსათის ფასების დარეგულირების მიზნით ეკონომიკის სამინისტროს ახალი კანონპროექტის შემუშავება დაავალა. თუ საკითხის პირველად წამოჭრისას ირაკლი ღარიბაშვილი იმპორტიორების მიერ პროდუქტზე არსებულ მაღალ ფასნამატზე საუბრობდა, თებერვლის მეორე ნახევარში რიტეილ სექტორში არსებულ საგადასახადო წესების შესახებ აღნიშნა და თქვა, რომ მთავრობაში ამ საკითხთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები აქვთ და ბიზნესთან შეხვედრები საკითხის გადაწყვეტამდე გაგრძელდება. მთავრობის მეთაურმა ისიც აღნიშნა, რომ ბიზნესის საქმიანობაში სახელმწიფოს უხეში ჩარევა მისი ხელწერა არ არის, ამიტომ მთავრობა სურსათზე ფასებს ევროდირექტივაზე დაფუძნებული კანონპროექტით დაარეგულირებს.
გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას მირანდა მანჯგალაძემ განმარტა, რომ რიტეილ სექტორის მაღალი ბრუნვის პირობებში მოგება არც ისე დიდია და ბიზნესს განვითარების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რაც ფასების რეგულირების პირობებში ნაკლებად შესაძლებელია.
კითხვაზე - შეიძლება თუ არა მთავრობის მხრიდან ბიზნესისთვის გადასახადების შემცირებამ ფასები შეამციროს, მირანდა მანჯგალაძე პასუხობს, რომ გადასახადების შემცირება სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესში ჩარევის ჯანსაღი გადაწყვეტაა.
„ჯანსაღი სახელმწიფო ჩარევის ბევრი განვითარებული ქვეყნის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ და ეს არის ის, რომ სახელმწიფო ერევა ზუსტად გადასახადების შემცირებით, რაც ახალისებს ბიზნესს, უთავისუფლებს კაპიტალს იმისთვის, რომ გააკეთოს ინვესტირება და პირობითად შეამციროს ფასები.
ფასის რეგულაციაში ჩარევა ყოველთვის უკუკავშირს იძლევა, რომელიც მომხმარებელზე უარყოფითად აისახება. მაგალითად, თუ წიწიბურას ფასს 1 ლარზე ჩავკეტავთ და რიტეილერს არ მივცემთ უფლებას 1 ლარზე მეტ ფასად გაყიდოს. ამას უკურეაქცია აქვს რიტეილერსა და მომწოდებელზე, რადგან ის ეძებს ისეთ პროდუქტს, რომელიც 1 ლარში ჩაეტევა. ამ შემთხვევაში დაზარალებულია მომხმარებელი, რადგან მას ეკეტება არჩევანი და იაფფასიან პროდუქტთან მიდის, რაც მომხმარებლისთვის ხარისხს აფუჭებს.
თუ სახელმწიფო გადასახადების შემცირებით ჩაერევა და ბიზნესს ხელს შეუწყობს რომ მეტი რეინვესტირება გააკეთოს და მაღაზიები გახსნას, მისცეს მოტივი რომ ეს ფასი გააიაფოს - ეს მართებული იქნება. ასევე მართებული იქნება, რომ სახელმწიფომ ხარისხი გააკონტროლოს და რიტეილს უხარისხო პროდუქტის მომხმარებელზე გაცემის საშუალება არ მისცეს“, - აცხადებს მანჯგალაძე.
რიტეილ ექსპერტი ამბობს, რომ ევროდირექტივით მხოლოდ ადგილობრივი მეწარმეების საკითხი რეგულირდება და ამ რეგულირების ამოქმედება მისთვის მისაღებია.