მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FATF-ში რუსეთის სტატუსი უცვლელი დარჩა - ქვეყანას წევრობა შეჩერებული აქვს

649952dca624e
მარიამ ვარადაშვილი
26.06.23 13:02
384
მთავრობათაშორისმა ორგანიზაცია "ფინანსურ ქმედებათა სპეციალურმა ჯგუფმა" [FATF] რუსეთი არც შავ და არც ნაცრისფერ სიაში არ შეიყვანა. თუმცა, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, გაგრძელდება თებერვალში მიღებული შეზღუდვა, რაც რუსეთისთვის FATF-ის წევრობის შეჩერებას ითვალისწინებს. გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში FATF-მა წევრ ქვეყნებს მოუწოდა, გამოიჩინონ სიფრთხილე რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესაძლო გვერდის ავლასთან დაკავშირებით.

მანამდე რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ელვირა ნაბიულინა ამბობდა, რომ არანაირი მიზეზი არ არსებობდა იმისთვის, რომ რუსეთი ფინანსურ ქმედებათა სპეციალურ ჯგუფს შავ სიაში შეეყვანა.

“მჯერა, არანაირი მიზეზი არ არსებობს იმის, რომ შავ სიაში დაგვამატონ”,- განაცხადა მან რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში გამოსვლისას და დაამატა, რომ ცენტრალურმა ბანკმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტიანი ზომები მიიღო.

ცნობისთვის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ "ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფი" 1989 წელს პარიზში დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურთა სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით შეიქმნა. FATF-ის მიზანია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ საკანონმდებლო და ინსტიტუციური ღონისძიებების მხარდაჭერა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ საერთო პოლიტიკის წარმოება.

ორგანიზაციის წევრობა რუსეთს მიმდინარე წლის თებერვალში შეუჩერეს, რის მიზეზადაც მის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი დასახელა. კერძოდ, ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ რუსეთის ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის მათ ძირითად პრინციპებთან, რაც არის უსაფრთხოება და გლობალური საფინანსო სისტემის ერთიანობა.

უკრაინა, რომელიც FATF-ის წევრი არ არის, ორგანიზაციას სთხოვდა უფრო შორსაც წასულიყო და ქვეყანა შავ სიაში შეეყვანა. ამ ეტაპზე ფინანსურ ქმედებათა სპეციალურ ჯგუფს 39 წევრი ქვეყანა ჰყავს, ხოლო რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც წევრობა შეუჩერდა, რაც ტექნიკურად ნიშნავს, რომ ის FATF-ის შეხვედრებში მონაწილეობას ვეღარ იღებს და დოკუმენტებზე წვდომა არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები