"ფერმერები რძის კატასტროფულ გაძვირებას პროგნოზირებენ", - ამის შესახებ „აგრო დუოს“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, საქონლის საკვების ღირებულება გაიზარდა, შესაბამისად, მდგომარეობა თუ არ შეიცვლება, მათ რძის გაძვირება მოუწევთ.
„გუშინ მომიწია შეხვედრა ფერმერებთან. მათ აქვთ წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან გაძვირდა საკვები ბაზა და თუ რაიმე ქმედითი ზომები არ იქნა მიღებული, რძის თვითღირებულება კატასტროფულად გაიზრდება. საბოლოო ჯამში, აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიან გარემოში აღმოჩნდებიან იმპორტირებულ ნედლეულთან და საერთოდ ფერმების გაჩერება მოუწევთ“, - ამბობს გიგაშვილი.
„აგრო დუოს“ თავმჯდომარის თქმით, მეცხოველეობის დარგის წარმომადგენლები ამ პრობლემის გადაჭრისთვის სახელმწიფო მიწების გრძელვადიან გადაცემას ითხოვენ.
„ისედაც გვალვიანი წელიწადი გვქონდა და საკვები ბაზა მწირი იყო. ფერმერები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი გამოუყენებელი სასოფლო-სამეურნეო მიწაა და სახელმწიფოს სთხოვენ, გრძელვადიანი იჯარით გადასცენ, რათა ჰქონდეთ საკუთარი ბაზის გარკვეული მარაგი. მათი ხარჯების ყველაზე დიდი პროცენტი, იგივე მერძეული მიმართულებით, სწორედ საკვების თვითღირებულებაზე მოდის.
სახელმწიფო ერთი ხელით ეხმარება ფერმერს და ამბობს, რომ მე ვასუბსიდირებ, მაგრამ იქ, სადაც ბიუროკრატიული და საკანონმდებლო მხარდაჭერაა საჭირო და დროში სწრაფად გადაწყვეტადი მექანიზმებია ასამუშავებელი, იქ რატომღაც შენელებული ვართ. იგივე მიწის რეფორმასთან დაკავშრებით, მიწები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ამ დროს ფერმერები მუდმივად სოფლის მეურნეობის სამინისტროს აწუხებენ, არის ეს დისბალანსი და ვერ შედგა ეს კომუნიკაცია, ამიტომ ეს პრობლემები კვლავ პრობლემებად რჩება და ხელს უშლის განვითარებას“, - ამბობს რუსუდან გიგაშვილი და დასძენს, რომ სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სექტორისთვის გაწერილი დახმარების ანტიკრიზისული პაკეტი შედეგს გარკვეული დროის შემდეგ გამოიღებს.