მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფეხსაცმლის ადგილობრივი მწარმოებელი Levanto გაფართოვდა - ინვესტიცია 200 000 დოლარია

618d1641bae7b
ვიქტორია მღებრიშვილი
11.11.21 23:00
1264
ფეხსაცმლის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „ლევანტო“ 200 000 დოლარის ინვესტიციით გაფართოვდა.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის მენეჯერი ბერიკა მხეცაძე ამბობს, რომ „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მიღებული ფინანსური რესურსით კომპანიამ ონლაინ გაყიდვების ვებგვერდი levanto.ge აამოქმედა, ასევე ქუთაისში ბრენდის ახალი მაღაზია და ნედლეულის საბითუმო მაღაზია გახსნა.

„ონლაინ გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვებგვერდის ჩაშვებამ ჩვენი მაღაზიების დატვირთვაც გაზარდა. როდესაც მომხმარებელი პროდუქტს ონლაინ ნახულობს, შემდეგ მის შესაძენად მაღაზიაში მოდის. დღეისთვის გაყიდვების 30% ონლაინ, ხოლო 70% რეალურ გაყიდვებზე მოდის. ამას ერთი თვის შედეგებზე დაყრდნობით ვამბობ, თუმცა ვთვლი, რომ დროთა განმავლობაში ონლაინ გაყიდვების მოცულობა გაიზრდება“, - განმარტავს ბერიკა მხეცაძე.

დღეისთვის „ლევანტო“ სამ მაღაზიას მართავს - ორს ქუთაისში, ხოლო ერთს თბილისში. კომპანიის მენეჯერი ამბობს, რომ მათ გეგმებში თბილისში ერთი მაღაზიის გახსნა შედის, თუმცა ეს იმაზე იქნება დამოკიდებული როგორი მოთხოვნა იქნება ონლაინ და რეალურ გაყიდვებზე.

ბერიკა თურნამიძემ საწარმოო პროცესში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფეხსაცმლის წარმოების საჭირო ნედლეულის გაძვირებამ, საბოლოო პროდუქტის ღირებულება 20%-ით გააძვირა.

„მასალების შემოტანა ძალიან გვიჭირს და გაძვირებულიც არის, თუმცა გარდა იმისა რომ ნედლეულის გაძვირებამ წარმოების პროცესი 20%-ით გააძვირა, ტრანსპორტირების საკითხებიც გვაწუხებს. ხშირად პანდემიის გამო მოწოდება გვიანდება ხოლმე“, - აღნიშნავს „ლევანტოს“ მენეჯერი.

დღეისთვის ქუთაისში მოქმედი ფეხსაცმლის ბრენდი „ლევანტო“ თვიურად 2 000-მდე წყვილ ქალისა და მამაკაცის სეზონური ფეხსაცმლის 50-მდე მოდელს აწარმოებს და 40-მდე სამუშაო ადგილს ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები