ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი "მთავარი არხის" მენეჯმენტის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა.
მინისტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"სამწუხაროდ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას:
1. "მთავარ არხში" ფინანსური პოლიცია შევიდა - ნახსენები "ფინანსური პოლიცია", რომელიც არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არსად არ შესულა და არანაირ ღონისძიებას არ ახორციელებს;
2. "მთავარ არხში" საგადასახადო სამსახური შევიდა - შემოსავლების სამსახური "მთავარ არხში" არ შესულა და არანაირ ღონისძიებას იქ არ ახორციელებს. შემოსავლების სამსახური ატარებს გეგმიურ კამერალურ საგადასახადო შემოწმებას სარეკლამო სააგენტოში, რომელიც სხვა პირებთან ერთად მომსახურებას უწევს მთავარ არხს;
3. შემოსავლების სამსახური მთავარი არხის გაყიდვების სახლში შევიდა - შემოსვლების სამსახური არსად არ შესულა. შემოსავლების სამსახური ახორციელებს კამერალურ საგადასახადო შემოწმებას ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში (მიმდინარე თვეში სხვა 500 კომპანიასთან ერთად), რაც წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ჩვეულებრივ, სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე პროცედურის დასრულებას;
4. ხდება უკანონო, ე.წ. შავი ფულით დაფინანსების შემოწმება - შემოსავლების სამსახურის ფუნქცია და ვალდებულება არ არის დაფინანსების წყაროების შემოწმება და კამერალურ საგადასახადო შემოწმება მხოლოდ და მხოლოდ მოიცავს საგადასახადო ვალდებულების სიზუსტის შემოწმებას;
5. შესაძლებელია ხელი შეეშალოს ტელეკომპანიას საქმიანობაში - გარდა იმისა რომ შემოწმებას არანაირი შეხება არ აქვს "მთავარ არხთან", კამერალური საგადასახადო შემოწმების ეს პროცესი თეორიულადაც კი არ ითვალისწინებს იმგვარ პროცედურას, რომ რამენაირად ხელი შეეშალოს კომპანიას საქმიანობაში. მაქსიმუმ რამოდენიმე საათი დაეხარჯოს კომპანიის აუდიტორს ინფორმაციის მოწოდებაში.
როგორ ხდება შესამოწმებელი კომპანიების შერჩევა?
შემოსავლების სამსახურში შექმნილია ავტომატიზებული ელექტრონული სისტემა, რომელიც ათობით სხვადასხვა რისკი კრიტერიუმების საფუძველზე აფასებს კომპანიებს და ანიჭებს შესაბამის ქულას, რომლის საფუძველზეც გენერირდება შესამოწმებელი საწარმოების სია. აღნიშნული სისტემა, რომელიც შემუშავებულია აშშ ხაზინის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამების ფარგლებში, არის ერთ ერთი თანამედროვე და სანდო სისტემა საგადასახადო ადმინისტრირების.
აღნიშნული პროცედურა არ არის უცხო გადასახადის გადამხდელებისათვის. წლის განმავლობაში, 8000-მდე ასეთი კამერალური შემოწმება ტარდება და ათი ათასობით სხვადასხვა ფორმით კომუნიკაცია ხორციელდება გადასახადის გადამხდლებთან. დღეს, ისე როგორც არასდროს, საგადასახადო ადმინისტრირება ორიენტირებულია საგადასახადო დარღვევების პრევენციაზე და არა დასჯაზე. არც კი ღირს შედარების გაკეთება, ამას კარგად ხედავს ყველა. ის რაც ერთ დროს მართლა კრიმინალად ითვლებოდა (ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება), დღეს სრულად ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება.
ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ეს შემოწმებაც დაიწყება და დასრულდება, გადასახადის გადამხდელისთვის ყოველგვარი ზედმეტი დისკომფორტის გარეშე. უბრალოდ, ამ თემით სპეკულირება, პოლიტიკური ქულების დაწერა და საგადასახადო ადმინისტრირების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, არ არის კარგი. სულ ეს არის", - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.