მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ფინანსურ ჰაბად გადაქცევის რეფორმაზე” პრემიერი Rothschild&Co-ს შეხვდა

63108f78d69aa
BM.GE
01.09.22 15:30
934
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა. მთავრობამ Rothschild & Co-სთან გასულ წელს 4-მილიონი ლარის კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც “საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გადაქცევის რეფორმა” უნდა მომზადდეს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, უკვე მომზადებულია სტრატეგიის პროექტიც, რომლითაც “რეფორმის” წარმართვა განიხილება. საჯაროდ ამ პროექტთან დაკავშირებით განცხადება მხოლოდ იანვარში გაკეთდა და მაშინ ითქვა, რომ საქართველო შექმნიდა სპეციალურ ფინანსურ ზონებს გონიოსა და თბილისის ზღვის მახლობლად, სადაც უცხოური კომპანიები თავიანთ წარმომადგენლობებს გახსნიდნენ.

დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:

“გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგია პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, Rothschild & Co-სთან და კომპანია Kaiser Partner-თან ერთობლივი თანამშრომლობით მომზადდა და მისი მიზანია, ქვეყანა გადაიქცეს მულტიფუნქციურ ჰაბად როგორც ტექნოლოგიების, ისე განათლებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდა ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას.”

რა რეფორმა უნდა მომზადდეს?

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 17 იანვარს განაცხადა, რომ ისინი ახალი ტიპის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას გეგმავენ. თუკი ამჟამად თიზ-ები წარმოებასა და ლოგისტიკაზეა ორიენტირებული, ახალი ტიპის თიზ-ი ფინანსურ საქმიანობაზე იქნება კონცენტრირებული. “სპეციალური ფინანსური ზონა” - ეს იქნება ამ ახალი თიზ-ის სახელი.

მთავრობის განცხადებით, ამ ზონებისთვის ორი ლოკაცია უკვე შეარჩიეს. კერძოდ, “სპეც. ფინანსური ზონა” 110 ჰექტარზე თბილისსა და გონიოში განთავსდება.

ანუ Rothschild & Co მუშაობს რეფორმის პროექტზე, რომელიც თემქის მიდამოების და გონიოს საერთაშორისო ფინანსურ ცენტრად განვითარებას გულისხმობს და ამაში საქართველოს მთავრობა 4 მილიონ ლარს იხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები