მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური სისტემა ომის გამოწვევას ძალიან კარგად უძლებს - გვენეტაძე

623dd54510a99
მარიამ ვარადაშვილი
25.03.22 19:03
963
ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ გლობალურ ეკონომიკაზეც იქონიებს გავლენას, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა ამ გამოწვევას გაუძლებს.

“საქართველოში ფინანსური სტაბილურობა ჩვენი განგრძობადი მიზანია და ამაზე მუდმივად ვზრუნავთ. იმ ზომების დახმარებით, რომელსაც მუდმივად ვიღებთ, ფინანსური სისტემა ამ სიტუაციას კარგად უძლებს. მოგეხსენებათ, 2020 წელს კოვიდპანდემია იყო, რაც ფინანსური სისტემისთვის გამოწვევა გახლდათ, მაგრამ იმ რეფორმების შედეგად, რაც გატარდა სისტემამ კარგად გაუძლო ამ ძალიან რთულ პერიოდს. სამწუხაროდ, ახალი გამოწვევა არის, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ის ბუფერები, რაც ფინანსურმა სისტემამ კოვიდის დროს გამოიყენა, მათი აღდგენა უკვე დაწყებული იყო და ბევრ შემთხვევაში აღდგენილია. აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ფინანსური სისტემა ამ გამოწვევას ძალიან კარგად უძლებს”,-განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის ფინანსური სისტემა მსოფლიო ფინანსური სისტემის ნაწილია და რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულება საქართველოსაც მოუწევს.

“საქართველოს ფინანსური სისტემა გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილია და ქართული საბანკო სისტემაც შეუერთდა სანქციებს ფინანსური კუთხით. მოგეხსენებათ, ორი კომერციული ბანკი გვყვავს, რომელთა აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, რაც განაპირობებს იმას, რომ ჩვენი სისტემა მდგრადი და დაცული იქნება, რათა არ მოხდეს არასანქცირებულ პირებთან/კომპანიებთან დაკავშირებული ოპერაციები”,-ამბობს გვენეტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები