მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფიშინგი კომუნალური გადასახადების “თანხის დაბრუნებაზე”- თაღლითობის ახალი სქემა

643faee718735
შოთა ტყეშელაშვილი
13.09.23 18:08
2118

წინა კვირას კომუნალური გადასახადებით მანიპულირების ფიშინგმა კიდევ ერთხელ ცხადყო და შეგვახსენა, რომ ფიშინგი აქტუალურია ნებისმიერ დროს, მუდმივად და არა მხოლოდ წინასადღესასწაულო პერიოდში.

საბანკო ასოციაცია ფიშინგთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტებას აკეთებს და მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. 

მათი განმარტებით, ფიშინგი სოციალური ინჟინერიის ყველაზე ქმედითი ფორმაა, ელფოსტით ან sms-ით შეტყობინებაში შემცველი მავნე ბმულის მეშვეობით [მოტყუებით] ფინანსური, საბარათე, სისტემური ინფორმაციის მოპარვის მცდელობა.

"კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით თქვენ იცით, რომ  საქართველოს საბანკო ასოციაციას სხვადასხვა აქტივობებშია ჩართული (გარდა ტელესივრცეში რუბრიკებისა, მუდმივად ვაქვეყნებთ კიბერჩევებს ჩვენ FB გვერდზე) მუდმივად  და არა მხოლოდ ეპიზოდურად, ვინაიდან ჩვენ გვსურს რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანოთ კიბერსაფრთხეების მუდმივი აქტუალურობა და კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა ყოველდღიურ საქმიანობაში თუ ცხოვრებაში.

აქვე აღვნიშნავთ კიდევ ერთხელ, რომ ტექნოლოგიებისა და ციფრული მომსახურების განვითარების პარალელურად იგივე სისწრაფით იზრდება კიბერსაფრთხეებიც, ამიტომ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ციფრულ საუკუნეში კიბერსაფრთხე არის ციფრული პროცესების თანმხლები და ჩვენი უკვე თითქმის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და უნდა ვისწავლოთ ამ საფრთხეების შეცნობა და მათი თავიდან არიდება", - აცხადებენ საბანკო ასოციაციაში.

გაერთიანებაში ამბობენ, რომ ფიშინგის გამო ციფრულ სერვისებზე და ტექნოლოგიებზე უარს არ უნდა ვთქვათ, არამედ პირიქით, აქტიურად უნდა გამოვიყენოთ და განვავითაროთ, მაგრამ ამავე დროს მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ამ სიფრთხილით და საბაზისო კიბერჰიგიენის რჩევებით დავიცვათ ჩვენი ფინანსები.

"უნდა გვახსოვდეს, რომ კიბერთაღლითები ყოველთვის ეცდებიან გამოიყენონ ჩვენთვის კარგად ნაცნობი პლატფორმები (იქნება ეს ყიდვა-გაყიდვა, საბანკო პროდუქტების შეთავაზება, სწრაფი გზავნილები თუ სხვა), მომსახურება და შესაძლოა დაანონსებული კონფერენციები ან სხვა ღონისძიებები, რომ თქვენთვის ნაცნობი კონტექსტით განახორციელონ თქვენზე შეტევა. ამიტომ არის ფიშინგი ასეთი წარმატებული, რომ მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი კონტექსტით მანიპულირებენ.

ამიტომაც ჩვენ აღვნიშნავთ იმას, რომ არაფერი ახალი, განსაკუთრებული ან იშვიათი კომუნალურების ფიშინგში არ ყოფილა. უბრალოდ სეზონური მოდუნების ფონზე სამწუხაროდ ბევრი მომხმარებელი გაუფრთხილებლობით და საბაზისო კიბერჰიგიენის არდაცვით იქცა ბანალური ფიშინგის მსხვერპლი.

სულ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ეს არის საბაზისო წესები, თვითონ სიტყვა კიბერჰიგიენა თავის თავში მოიცავს იმას, რომ წესი არის მარტივი, ყველასთვის შესრულებად და ერთადერთი რაც გვმართებს არის ყურადღება და ლოგიკური აზროვნება", - ნათქვამია საბანკო ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფიშინგისგან თავდაცვის მიზნით საბანკო ასოციაციის რეკომენდაციები ასეთია:

  • უპირველეს ყოვლისა და ეს უნდა იყოს ანი-ბანი უკვე: არასდროს მივყვეთ საეჭვო გამომგზავნისგან საეჭვოდ კარგა შეთავაზებას, არ დავაჭიროთ მათ მიერ გამოგზავნილ ბმულს (იქნება ეს ელფოსტაზე თუ sms-ით მიღებული) და არავითარ შემთხვევაში მესამე მხარის მოწოდებით არ შევიყვანოთ საბარათე მონაცემები და ინტერნეტბანკის მონაცემები;
  • ნებისმიერი მომსახურება მივიღოთ ან გადავამოწმოთ უშუალოდ მომსახურების მომწოდებლისგან: მაგ. კომუნალურების გადახდა განვახორციელოთ ჩვენთვის კარგად ნაცად და ნაცნობ არხებში (მაგ. ინტერნეტ/მობილ-ბანკში);
  • დავაყენოთ ძლიერი პაროლი ყველა ჩვენს ანგარიშებზე და გავააქტიუროთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა არის;
  • იმ ანგარიშზე, სადაც მიბმული გაქვთ საბანკო ბარათი და ის ინტერნეტში გამოგიყენებიათ ან იყენებთ, მხოლოდ მცირე რაოდენობის თანხა გქონდეთ განთავსებული. ალტერნატიულად, ინტერნეტ-შესყიდვებისთვის გქონდეთ ცალკე ბარათი, სადაც თანხას შესყიდვის წინ განათავსებთ.
  • თუ შეთავაზება ზედმეტად კარგია - განერიდეთ მას (მაგ. უცნობი, მესამე მხარე გთავაზობთ გადაიხადოთ მათი ბმულით კომუნალური გადასახადი და დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 30% უკან - კომუნალური მომსახურების მომწოდებელ კომპანიას თუ ასეთი ერთჯერადი აქციის ორგანიზება სურდა, რატომ მიმართა მესამე მხარეს და არა თვითონ გამოაცხადა? ამაზე სამწუხაროდ არ ვფიქრობთ, როდესაც 30% ქეშბექი ასე მიმზიდველად ჟღერს).

გახსოვდეთ: თქვენი ფინანსების უსაფრთხოება თქვენს ხელშია: არ გააზიაროთ თქვენი პირადი, ფინანსური და საბარათე ინფორმაცია უცხო ვებგვერდებზე და მესამე მხარეებთან გადამოწმებული, დადასტურებული აუცილებლობის გარეშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები