მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფიზიკურ პირთა გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობებში უნდა დარჩეს - ასოციაცია

648b11bcb76a8
ელენე გოგბერაშვილი
15.06.23 23:35
547
"საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია" დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესრულების ტემპით კმაყოფილი არ არის, თუმცა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროცესები ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიდის.

„ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი იდეალურადაა ადგილობრივ თვითმმართველობებში,არ ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ მუნიციპალიტეტი იყოს რეალური სახელისუფლებო დონე. დღეს გვაქვს საკმაოდ კარგი ბაზისი ამისთვის, მაგრამ აუცილებელია რამდენიმე კომპონენტის ბოლომდე მიყვანა.

პირველი ეს გახლავთ ფინანსური დამოუკიდებლობა. შეუძლებელია პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღწევა ფინანსური დამოუკიდებლობის გარეშე, ამიტომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო თამამები უნდა ვიყოთ, მათ შორის დამატებითი ღირებულების გვერდით სხვა მნიშვნელოვანი გადასახადების განაწილების კუთხით. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ქონებრივი საკითხების გადაწყვეტა, როცა შეიქმნება ეს ძირითადი გარემო, რომ მუნიციპალიტეტებს ექნებათ საკუთარი ფინანსები, საკუთარი ქონება, გაცილებით მაღალი იქნება დამოუკიდებლობის ხარისხი“,-აცხადებს დავით მელუა.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში 2019 წლიდან, ქვეყანაში შემოსული დღგ-ს 19% ნაწილდება მუნიციპალიტეტებში. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის განცხადებით, პირველივე 2019 წელს შესაძლებლობა გახდა 100 მლნ ლარით მეტი ფინანსური რესურსი გადანაწილებულიყო მუნიციპალიტეტებზე. ამასთან, დაახლოებით 75%-ით მეტი ფინანსური რესურსი შევიდა, გასული წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტებში.

ამასთან, წელს პარლამენტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებები დაამტკიცა. საუბარია, „ადგილობრივი თვითმართველობების შესახებ“ კოდექსში ცვლილებებზე, რაც მუნიციპალიტეტებისთვის მეტი ფინანსური რესურსის დატოვებას ითვალისწინებს. მაგალითად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების 90% დარჩება ადგილზე და მხოლოდ 10% მიემართება ცენტრალურ ბიუჯეტში.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრო განიხილავს სამომავლოდ სხვა მექანიზმებსაც, მათ შორის საშემოსავლო გადასახადის გარკვეული ნაწილის თვითმართველობებში დატოვებას. ამასვე ითხოვს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაც.

„მნიშვნელოვანი წილი, ფიზიკურ პირთა გადახდილი საშემოსავლო გადასახადის უნდა დარჩეს ადგილებზე. ამავდროულად ცხადია, რომ ხელფასის ოდენობა არ გვაქვს თანაბარი, თბილისში მეტია, სხვაგან ნაკლები, საშემოსავლო გადასახადის განაწილების გვერდით ასევე უნდა არსებობდეს, ფინანსური გათანაბრების ინსტრუმენტები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ იქ, სადაც დასაქმება ნაკლებია, სადაც ხელფასი უფრო დაბალია, იმ მუნიციპალიტეტებს მივცეთ საშუალება არ ჰქონდეთ დეფიციტი და შეძლონ, უფლებამოსულებების მნიშვნელოვანი ნაწილის განხორციელება“,-აცხადებს დავით მელუა.

ადგილობრივი თვითმმართველობათა ასოციაციის პოზიციაა, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს დეცენტრალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში და ასევე მნიშვნელოვანია 2025-2030 წლების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება, რაშიც მკვეთრად უნდა იყოს გაწერილი, რა ფუნქცია და როლი აქვს საქართველოს ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები