Kudos Georgia-ს მმართველი პარტნიორის ირაკლი ჟვანიას მოსაზრებით, ფიზიკური პირის ქონების გადასახადისთვის დაწესებული შემოსავლის ზღვარი გადასახედია. მიზეზებს შორის საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ზრდა და მაღალი ინფლაცია სახელდება.
მისივე თქმით შესაცვლელია დეკლარაციაში მისათითებელი ქონების ღირებულების განსაზღვრის წესიც. ჟვანია აცხადებს, რომ ფიზიკური პირი საკუთარი შეხედულების საზღვრავს, რაც არაკეთილსინდისიერი ქმედების შესაძლებლობას ქმნის, უმჯობესი მოდელი კი ქონების შეფასებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება იქნებოდა.
„16-17 წლის წინ, ქონების გადასახადის გადახდა ფიზიკური პირებისთვის, იმ ადამიანებზე იყო გათვლილი, ვისაც შედარებით მაღალი შემოსავალი ჰქონდა. დღეს ეს მოცემულობას არ პასუხობს, რადგან თუნდაც ერთი კრიტერიუმი, რომ ავიღოთ შესადარებლად, მაგალითად საშუალო ხელფასი, რომელიც 2005 წელს 204 ლარი იყო და დღეს 1 300 ლარია. აქედან გამომდინარე ის სულისკვეთება, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებმა გადაიხადონ ქონების გადასახადი არ ასახავს იმ რეალობას, რაც ქვეყანაშია. ამ წლების განმავლობაში ლარის მსყიდველუნარიანობა შეიცვალა, დღეს ეს გაცილებით ნაკლებია ვიდრე იყო 2005-ში. საგადასახადო კოდექსში ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმული არ ყოფილა.
ასევე ადამიანები თვითონ უთითებენ საბაზრო ღირებულებას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თუ სხვა ქონების შესახებ, რაც ასევე დამატებითი ტვირთია მათთვის, იმიტომ რომ თვითონ უნდა მოიძიონ ღირებულება და ინდივიდუალურად განსაზღვრონ, რაც არ არის რეალობის რელევანტური,“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა ოჯახის ჯამური შემოსავალი საგადასახადო წლის განმავლობაში 40,000 ლარს (დასაბეგრი) შეადგენს და საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დასაბეგრი ქონება აქვთ, ქონების გადასახადის გადამხდელები არიან.
აღნიშნულ პირებს არაუგვიანეს 1 ნოემბრისა დეკლარაციის წარდგენის ხოლო არაუგვიანეს 15 ნოემბრისა დარიცხული გადასახადის გადახდის ვალდებულება აქვთ. ვალდებულების შეუსრულებლობა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
ფიზიკური პირისათვის ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გასული საგადასახადო წლის მდგომარეობით: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები და 2017 წლიდან – მსუბუქი ავტომობილები;
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია და შემდეგი ოდენობით განისაზღვრება:
100,000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 % -ისა და არა უმეტეს 0.2 % -ისა;
100,000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 %-ისა და არა უმეტეს 1 %-ისა.