მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“ ოფიციალურად გაიხსნა

61f938028c47e
თელარა გელანტია
01.02.22 17:56
1354
„პეის ჯგუფისა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით, ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობა წარმატებით დასრულდა.

“ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ასევე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ჩვენი მთავრობისთვის მთავარი მიზანი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფორმირება და ჩვენი მდებარეობის, ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაცია. განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა პროექტში, კერძოდ, აშშ-ს ფედერალური მთავრობის საერთაშორისო ფინანსური განვითარების კორპორაციიდან (DFC) გამოყოფილი დაფინანსება 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველია და რომ ის წარმოადგენს რეგიონში უდიდესი სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყანას“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა კომპანია "პეის ჯგუფის“ პრეზიდენტ იოსებ დოლიძეს და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა მასშტაბური პროექტის წარმატებით განხორციელებისა და იმ სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რაც კომპანიამ, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გამოიჩინა და პროექტის განხორციელების პროცესში ასობით ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.

ფოთის ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) მიერ გამოყოფილი დაფინანსება ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში.

„ძალიან მიხარია, რომ შეერთებული შტატები, საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან ერთად, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პორტის მშენებლობასა და განვითარებაში. ეს ცხადყოფს, რამდენად დიდია ვალდებულება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა იკისრა საქართველოს კეთილდღეობის და ქართველი ხალხის წინაშე. ამ ინვესტიციით ჩვენ ვხვდებით ახალ სანდო პარტნიორს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოტენციალის განვითარებისთვის რეგიონალური დაკავშირების კუთხით, როდესაც მსოფლიო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ალტერნატიულ გზებს ეძებს მიწოდების ჯაჭვში“, – განაცხადა თავის გამოსვლაში აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

მისივე შეფასებით, საზღვაო პორტი არის კეთილდღეობის და უსაფრთხოების ელემენტი და აშშ-ის ვალდებულებაა საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, დაეხმაროს პორტის ინფრასტუქტურის განვითარებაში. „ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და პატივს ვცემთ თავისუფალ ნავიგაციას, წვდომას საზღვაო გზებზე და ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც აკავშირებს საქართველოს ევროპასთან და ეს არის ევროატლანტიკური მისწრაფებების სიმბოლო“, - აღნიშნა დეგნანმა.

ახალი ნავსადგურის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდა 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, აშენდა მასშტაბური ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მოეწყო თანამედროვე საპორტე ინფრასტრუქტურა:

- 260 მეტრი სიგრძის ნავმისადგომი;
- არსებულ ტალღმჭრელ მოლოებს ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია;
- ახალი ნავსადგურის აკვატორიიდან ამოიღეს 1.5 მილიონი კუბური მეტრი ნატანი ქვიშა. აკვატორია დაღრმავდა 13 მეტრამდე;
- 50 000 ტონა ტევადობის დახურული ტიპის საწყობი, რომელიც აღჭურვილია ევროპული წარმოების დაცლა-დატვირთვის ავტომატიზებული სისტემებით;
- 6 ჰექტარზე მოეწყო ღია სასაწყობო მოედნები;
- სპეციალურად დამზადდა და ნავმისადგომზე დამონტაჟდა ორი ახალი პორტალური ამწე, თითოეული 100 ტონა ტვირთამწეობით.

პროექტის შემდგომი გაფართოება, რომლის ღირებულება 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, დამატებით 230 მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი (13მ) ნავმისადგომის მშენებლობას ითვალისწინებს. ნავმისადგომზე თანამედროვე საპორტო მანქანა-დანადგარები: კონვეიერული სისტემა და ჩამომტვირთველი მანქანა (shiploader) განლაგდება.

„ეს პორტი 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტრანსფორმაციის სიმბოლოა. ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური შექმნის სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, ის გააძლიერებს საქართველოს, როგორც სტრატეგიული და ტრანზიტული ქვეყნის პოზიციას, რომელიც აკავშირებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან და გააძლიერებს ვაჭრობას. ფოთის ახალი საზღვაო პორტი ასევე გააძლიერებს მრავალწლიან და ძალიან ნაყოფიერ პარტნიორობას შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის“, - აღნიშნა თავის ვიდეომიმართვაში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) მმართველმა დირექტორმა კენეტ ენჯელმა.

ნავმისადგომი და ახალი ნავსადგურის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა მოემსახუროს მსხვილტონაჟიან გემებს, რომელთა ტვირთამწეობა 50 000 ტონამდეა. პორტი დაამუშავებს როგორც მშრალ, ნაყარ და გენერალურ ტვირთებს, ასევე კონტეინერებს.

პროექტის სრულად დასრულების შემდეგ საქართველოს ერთიანი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა 3.5 მილიონი ტონით გაიზრდება. ამ შესაძლებლობებსა და პორტის მნიშვნელობაზე იყო საუბარი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნისა და ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP-ის ხელმძღვანელის, მადლენ ოლბრაიტის წერილში, რომელიც მან ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნას მიუძღვნა.

„ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის პროექტი მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას შესთავაზებს ფოთელებს, საქართველოს, შავი ზღვისა და კასპიის რეგიონის ყველა სახელმწიფოს. ნავსადგურის გავლით სამი მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვით ყველა მხარე მოგებული დარჩება. შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს, რა როლი ექნება მსოფლიოსთან ურთიერთობებში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ ქვეყანას ასევე უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ბაზარზე ვაჭრობის რეალური შესაძლებლობები. ეს ინსტრუმენტი არის ვაჭრობისა და არჩევანის პოტენციალის რეალიზაციის ნაწილი. ეს ასპექტი მას მნიშვნელოვანს ხდის არა მხოლოდ ვაჭრობისა და კომერციის თვალსაზრისით, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც ვცდილობთ, უკეთესი ცხოვრება შევქმნათ ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნებისთვის“, - ნათქვამია მადლენ ოლბრაიტის წერილში.

“ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური” მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საპორტო სიმძლავრეებს, ტრანზიტულ პოტენციალს და გააჩენს შესაძლებლობას, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნებზე გადმომისამართდეს ახალი ტვირთები.

დამატებითი ინფორმაცია “პეისი ჯგუფის” შესახებ:

“პეის ჯგუფი” წარმოადგენს რეგიონში უმსხვილეს სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც აერთიანებს ნავმისადგომების ოპერატორ კომპანიებს, საბროკერო, საზღვაო სააგენტოს, ლოგისტიკურ და საკონტეინერო კომპანიებს. კომპანიის ყოვეწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას აღემატება. “პეისი ჯგუფში” დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი.

“პეისი ჯგუფი” ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ საზღვაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი ტვირთების მოზიდვაზე.

კომპანია პეისი 1992 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ იორკში დაფუძნდა. “პეის ინტერნაციონალი” ძირითადად ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების გავლით ახორციელებდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გამოყოფილი ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირებას კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.

90-იანი წლების ბოლოდან “პეისმა” ჰუმანიტარულ ტვირთებთან ერთად, კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებაც დაიწყო. 2000-იანი წლების დასაწყისიდან კი - გრძელვადიანი იჯარის საფუძველზე “პეისი“ ოპერირებს ფოთის ნავსადგურის 8 ნავმისადგომს.

2002-2003 წლებში კომპანიამ ფოთში ღია სასაწყობო მეურნეობა ააშენა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ტაჯიკეთის ალუმინის ქარხნის პროდუქციის - პირველადი ალუმინის გადმომისამართება საქართველოს მარშრუტზე. მოგვიანებით, სპეციალური მანქანა-დანადგარების შეძენის შემდეგ, „პეისმა“ დაიწყო ამავე ქარნისთვის ნედლეულის - ალუმინის ოქსიდის ტარნსპორტირება ფოთიდან ტაჯიკეთამდე.

2007 წელს “პეისსა” და ისრაელის საკონტეინერო კომპანია ZIM-ის მიერ დაფუძნდა ZIM Georgia და “პეისმა“ გააფართოვა მისი აქტივობები საკონტეინერო გადაზიდვებში.

2013 წელს “პეისმა” და “აგრიკომმა“ ფოთში ერთობლივად ააშენეს რევერსული ტიპის ხორბლის გადასატვირთი ტერმინალი. ამავე წელს “პეისმა” შეისყიდა ფოთის გემთსაშენი ქარხანა, რომლის ტერიტორიაზეც ახალი თანამედროვე სანავსადგურე ინფრასტრუქტურის შექმნა გადაწყდა.

ახალი საზღვაო პორტის მშენებლობის პროექტის დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი 2019 წლის 4 თებერვალს მოეწერა, მშენებლობას კი საფუძველი 2020 წლის სექტემბერში ჩაეყარა.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები