მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის მეტალურგიულში ინსპექციამ უნებართვო ღუმელი აღმოაჩინა - კომპანიას წარმოება შეუჩერდა

631067440cda9
შოთა ტყეშელაშვილი
01.09.22 12:19
1131
“მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია” ფოთის ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული საწარმოა, რომელიც ჯართის გადამუშავებით და ლითონის სხმულების წარმოებით არის დაკავებული. კომპანია სრულად ექსპორტზე მუშაობს. დღეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ კომპანიას წარმოების უფლება შეუჩერდა. ინსპექციის განცხადებით, მათ ქარხანაში უნებართვოდ დამონტაჟებული სადნობი ღუმელები აღმოაჩინეს. მარეგულირებლის ინფორმაციით, კომპანია არც გაფრქვეული აირების მტვრისგან გამწმენდ მოწყობილობას არ იყენებდა.

“მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიამ” 2020 წელს 32 ათას ტონაზე მეტი შავი ლითონები აწარმოა და მისი შემოსავალი 40 მილიონ ლარს აღემატებოდა, 2019 წელს კი კომპანიის წარმოება 66 ათასი ტონა, ხოლო შემოსავალი 81 მილიონი ლარი იყო.

რატომ შეუჩერდა კომპანიას წარმოების უფლება? ინსპექციის განცხადებას ავრცელებს:

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ქალაქ ფოთში განთავსებულ შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას" მეტალურგიული წარმოების უფლება, სასამართლოს დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ადმინისტრაციული მიწერილობით შეუჩერა.

2022 წელს 25 თებერვალსა და 4 აპრილს განხორციელებული ინსპექტირების შედეგად, მეტალურგიულ საწარმოში „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე დამონტაჟებული ორი ინდუქციური ღუმელი გამოვლინდა. ამასთან, კომპანიაში არ ხდებოდა აირმტვერდამჭერი გამწმენდი მოწყობილობის გამოყენება. შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას" მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შედგა.

2022 წლის 3 მაისის დადგენილების თანახმად, ფოთის საქალაქო სასამართლომ შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია" სამართალდამრღვევად ცნო და 45 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

საწარმოს ეზღუდება საქმიანობის, მეტალურგიული წარმოების, განხორციელება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები რეგულარულად გააკონტროლებენ საწარმოს მიერ ადმინისტრაციული მიწერილობის მოთხოვნების შესრულების პროცესს.

მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, დეპარტამენტი შესაბამის რეაგირებას მოახდენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის 3(1) ნაწილის შესაბამისად; ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას 10 000 ლარიდან 30 000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 20 000 ლარიდან 60 000 ლარამდე,” - ნათქვამია განცხადებაში.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივები 31 მილიონს შეადგენს. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის 34%-იან წილს ფიზიკური პირი ჰამდი ალაედდინი, 32.6%-იან წილს კი ჰამდი კემალეტინი ფლობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები