მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის თიზ-ში ტექსტილის საწარმო იხსნება - ინვესტიცია 17 მლნ ლარია

638a06bc01d95
ელენე გოგბერაშვილი
03.12.22 15:40
2483
ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სამი მსხვილი ქარხანა გაიხსნება. საუბარია ტექსტილის, სპილენძის კონცენტრატების და სასაწყობო ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტებზე. როგორც ფოთის თიზის დირექტორი დავით ებრალიძე bm.ge-თან განმარტავს, მხოლოდ ტექსტილის წარმოებაში 17 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. საწარმო სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს, სრულყოფილად გახსნის შემდეგ კი 600-მდე ადამიანი დასაქმდება.

„ჩვენ წელს ნაწილობრივ და მომავალი წლის პირველ კვარტალში გავხსნით სამ მსხვილ ქარხანას, ეს იქნება ტექსტილის მწარმოებელი ქარხანა, რომელიც განთავსებულია 7 000 კვადრატულ მეტრზე და მოწინავე იქნება საქართველოში, შექმნის ქართულ პროდუქციას და მოამარაგებს როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე დაელაპარაკება მსოფლიოს პრემიალურ ბრენდებს და გაიტანს თავის პროდუქციას უცხოეთში. ეს ქარხანა უკვე მუშაობს სატესტო რეჟიმში და დასაქმებულია 100 ადამიანამდე, დასაქმებულთა რიცხვი გაიზრდება 600 ადამიანამდე, საინვესტიციო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 17 მილიონ ლარს.

მეორე პროექტი არის სპილენძის კონცენტრატების შემრევი ტერმინალის მშენებლობის პროექტი, რომელიც აქტიურ ფაზაშია და რომლის დასრულება ივარაუდება მიმდინარე წლის ბოლოს. აქ საუბარია იმაზე, რომ შემოვა სხვადასხვა სახის სპილენძის კონცენტრატი, მოხდება მისი შერევა და უკვე საბოლოო პროდუქცია გავა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

გვაქვს სასაწყობე ინფრასტრუქტურის პროექტიც. ამაში აქტიურად ვართ ჩართულები, რადგან როცა ინვესტორი მოდის, მზად ვიყოთ და შესაბამისი ინფრასტრუქტურა შევთავაზოთ. ჯამში წელს დავარეგისტრირეთ 32 ახალი კომპანია, რაც ნიშნავს უფრო მეტ დასაქმებულს, ეს აისახება ინკლუზიურად სხვა სექტორების განვითარებაზე“, - ამბობს დავით ებრალიძე.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 120-მდე კომპანიას ემსახურება, რომლის დაახლოებით 87% სავაჭრო კომპანიებზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები