მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფრუტ ლოჯისტიკა“ QR კოდებს ნერგავს

61a11e1c286ac
სალომე ჭიპაშვილი
26.11.21 22:10
896
„ფრუტ ლოჯისტიკა“ QR კოდებს ნერგავს. როგორც bm.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, პროდუქცია ქსელებში QR კოდებით უკვე 1-ლი დეკემბრიდან გამოჩნდება.

„კომპანიის პროდუქციაზე დატანილი იქნება QR კოდი, რომლის დასკანერების შემთხვევაში მომხმარებელი პროდუქტის შესახებ მიიღებს ყველანაირ ინფორმაციას, დაწყებული იმით თუ რომელმა ფერმერმა მოიყვანა ესა თუ ის კულტურა, დამთავრებული იმ გზით, რაც ქსელში მოხვედრამდე გაიარა.“ - აცხადებს „ფრუტ ლოჯისტიკის“ დამფუძნებელი, ნინო კაპანაძე და დასძენს იმასაც, რომ „ეს ფერმერის ცნობადობას გაზრდის “.

„ფრუტ ლოჯისტიკა“ ყველა სახის ხილ-ბოსტნეულს, სეზონიდან გამომდინარე, ამუშავებს და ახარისხებს, საუბარია 400-500 სახეობის კულტურაზე.

„სანამ ჩვენ ფერმერების პროდუქციის რეალიზაციას განვახორციელებთ, ეს კულტურები ჯერ კომპანიის საწყობში ხვდება, ხარისხდება და სარეალიზაციოდ მზადდება. საუკეთესო ხარისხის პროდუქცია „ვეჯის“ ბრენდით ქსელურ მარკეტებში იყიდება. ფასიც შესაბამისია. ვცდილობთ ვითანამშრომლოთ რაც შეიძლება მეტ ფერმერთან. ამ ეტაპზე მათი რიცხვი 1000-ს სცდება, რომელთა უკანაც კიდევ ბევრი წვრილი ფერმერი დგას.“- აცხადებს ნინო კაპანაძე.

„ფრუტ ლოჯისტიკა“ საქართველოში პირველი ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც ქართველი ფერმერის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის სრულ ჯაჭვს ახორციელებს, ფერმერიდან ქსელურ მარკეტამდე. ცნობისთვის, „ფრუტ ლოჯისტიკა“ 2020 წელს დაფუძნდა და მასში განხორციელებულმა პირველადმა ინვესტიციამ 3 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები