დღეს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. მედიის წარმომადგენლებმა გუშინ გამართულ აქციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს 12:00 საათამდე გადადგომის ვადა მისცეს, თუმცა დღეს მან თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს.
„TV პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი ამბობს, რომ დღეს საპროტესტო აქცია კიდევ უფრო მასშტაბური იქნება.
„მთელი მსოფლიო მედია ეხმაურება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას. გუშინ შევიკრიბეთ რამდენიმე ათასი ადამიანი, ემოციურ ფონზე ვიყავით, ზოგი მიცვალებულს ვეძებდით, ზოგი შოკიდან ვერ გამოვდიოდით, მაგრამ დღეს მეტნი შევიკრიბებით. შევიკრიბებით და ვეტყვით ირაკლი ღარიბაშვილს, რომ მის მინისტრებთან ერთად წავიდეს იქ, სადაც მისი ადგილია“, - განაცხადა ვატო წერეთელმა.
თავის მხრივ, ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ამბობს, რომ საზოგადოების წარმომადგენლები, მედიაორგანიზაციები იქამდე უნდა იდგნენ პარლამენტის წინ, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგება.
შეგახსენებთ: 5 ივლისს "სირცხვილიას" ოფისში "TV პირველის" ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას და მის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ათეულობით ადამიანმა სცემა. ლაშქარავა თვალის და სახის ძვლების დაზიანებით საავადმყოფოში იყო მოთავსებული, მაგრამ ის 10 ივლისს გამოწერეს. ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს დილით საკუთარმა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.