2023 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმი სტანდარტიზებული, ე.წ. “სადა შეფუთვით” უნდა გაიყიდოს. ამას ითვალისწინებს მთავრობის დადგენილება და თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ჩანაწერი.
თუმცა თამბაქოს ინდუსტრია ამ ცვლილების მიღების წინააღმდეგია, რადგანაც საქართველოსთვის განკუთვნილი პროდუქცია წარსულში უკრაინაში მდებარე ქარხნებში მზადდებოდა, ხოლო ეს ობიექტები რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ გაჩერებულია, ხოლო კომპანიებს კი არ აქვთ საკმარისი საწარმოო სიმძლავრეები, რათა უშუალოდ საქართველოსთვის სპეციალური შეფუთვით გამოუშვან საქონელი.
BMG-იმ ამ საკითხზე კითხვა ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს დაუსვა. მისი განცხადებით, სადა შეფუთვის საკითხები მთავრობამ სპეციალური დადგენილებით რამდენიმე თვის წინ განსაზღვრა. მინისტრი შეეხო იმ კანონპროექტსაც, რომელიც პარლამენტში არის დარეგისტრირებული და რომელიც სადა შეფუთვის ამოქმედების გადავადებას ეხება. მისი განმარტებით, ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღების ჯერი სრულად პარლამენტის კომპეტენციაა.
“თამბაქოს ნაწილს რაც შეეხება, ჩვენგან მომზადებულია დადგენილება მაისში მთავრობაზეც დავამტკიცეთ და ეს უკვე გადაგზავნილია პარლამენტში რეაგირებისთვის. თუ ცვლილება არ შევიდა და არ გადავადდა, მაშინ პირველი იანვრიდან შედის ძალაში. ჩვენ არანაირ მონაწილეობას პარლამენტის საქმიანობაში არ ვიღებთ,” - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.