გაძვირდება თუ არა თხევადი გაზი მომხმარებლისთვის - ამ კითხვას თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა ხოფერიამ BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ უპასუხა და განაცხადა, რომ ფასი მხოლოდ იმ პროდუქტზე გაიზრდება, რომელზეც აქამდე ნულოვანი აქციზი იყო.
ცნობისთვის: დღეისათვის, საქართველოში თხევადი გაზის იმპორტი ორი კოდით ხორციელდება: კოდი 2711 (ნავთობის აირები და აირისებრი ნახაშირწყალბადი) - 1 ტონა თხევადი გაზის მოცულობა 2 000 ლიტრს შეადგენს და კოდი - 2901 (ნახშირწყალბადები აციკლური) კოდის ქვეშ - 1 700 ლიტრს. პირველის აქციზის გადასახადი არის - 0 ლარი იყო, ხოლო მეორესი - 300 ლარი ტონაზე, რომლის გადახდა აქამდე ორ ეტაპად ხორციელდებოდა.
როგორც ნიკა ხოფერიამ „ანალიტიკაში“ სტუმრობისას აღნიშნა, საგარეო ფაქტორებით ღირებულების ზრდა ბუნებრივი მოვლენაა, ხოლო რაც შეეხება ორივე კოდზე აქციზის გადასახადის დაწესებას, ეს გააძვირებს იმ პროდუქციის ღირებულებას, რომელიც აქამდე არ იყო დაბეგვრადი.
„2711 კოდის ქვეშ შემოტანილი გაზი არ გაძვირდება, ისედაც ვიხდიდით ამ აქციზს, ხოლო 2901-ის კოდის ქვეშ შემოტანილი გაზის 10 თეთრით გაძვირება არის მოსალოდნელი, რაც ჯამურად შეიძლება აისახოს მომხმარებელზე, ამიტომ უნდა ყოფილიყო შეწონილი ტარიფი და უნდა გათანაბრებულიყო ბუნებრივი გაზის ტარიფთან. ანუ ორივე კოდზე უნდა ყოფილიყო 200 ლარი. ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა სამართლიანი“, - ამბობს თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი.