მიტანის სერვისის განმახორციელებელმა კომპანია „ბოლტ ფუდმა“ კურიერებს, რომლებიც გუშინ გაიფიცნენ, აპლიკაცია დაუბლოკა. როგორც BM.GE-სთან საუბრისას 23 მარტის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, კურიერი ზაქარია მაისურაძე განმარტავს, "კომპანიამ იმ კურიერების დაბლოკვა დაიწყო, ვისი იდენტიფიცირებაც გუშინ აქციაზე შეძლო".
„ზუსტი რიცხვის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ, დაახლოებით, 30-მდე კურიერს კომპანიამ აპლიკაცია გაუფრთხილებლად დაგვიბლოკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეკვეთების აღების საშუალება აღარ გვაქვს. ჩემი ინფორმაციით, აპლიკაციის დაბლოკვის პროცესი გრძელდება“, - განმარტა კურიერმა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, კურიერები გაფიცვას ტარიფებისა და სამუშაო პირობების გადახედვის მოთხოვნით დღესაც აგრძელებენ. აქცია ამ წუთებში სპორტის სასახლესთან მიმდინარეობს, სადაც 100-მდე კურიერია შეკრებილი.
აღსანიშნავია, რომ „ბოლტ ფუდის“ კურიერებმა თავიანთი მოთხოვნებით ესტონეთში კომპანიის სათაო ოფისსაც მიმართეს, თუმცა როგორც ზაქარია მაისურაძე ამბობს, მათ პასუხი ჯერ არ მიუღიათ და მათთვის გაუგებარია აპლიკაციის დაბლოკვის გადაწყვეტილება კომპანიის ადგილობრივმა წარმომადგენლობამ მიიღო თუ სათავო ოფისმა.
„სამწუხაროდ, არ ვიცით ვინ მიიღო ჩვენი გათავისუფლების, ჩვენთვის აპლიკაციის გათიშვის გადაწყვეტილება. გვქონდა მცდელობა კომპანიის წარმომადგენლებს გავსაუბრებოდით, თუმცა კარი ცხვირწინ მოგვიხურეს. არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენი უფლებების დაცვისთვის სამართლებრივი დავაც წამოვიწყოთ“, - ამბობს ის.