მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart-ი არ გამორიცხავს, რომ სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი მაისიდან შეამციროს

6433cfbe9173c
შოთა ტყეშელაშვილი
10.04.23 13:22
715
საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი საქართველოში ინფლაციის დაჩქარებული ტემპით შემცირებას პროგნოზირებს, ამის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაში არის ნათქვამი. ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ მაისში სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება დაიწყოს.

Galt&Taggart-ის პროგნოზი თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული ბანკის მოლოდინთან, რომელიც 2023 წლის ბოლოს ქვეყანაში 3%-ზე დაბალ ინფლაციას პროგნოზირებს. Galt & Taggart-ი კი აღნიშნავს, რომ წელს საშუალოდ წლიური ინფლაცია 4.7% იქნება ნაცვლად, აქამდე პროგნოზირებული 5.2%-ისა.

“ჩვენი განახლებული პროგნოზით, 2023 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 4.7%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც 0.5პპ-ით დაბალია წინა პროგნოზთან შედარებით. შემდეგ თვეებში ინფლაციის ტემპის მოსალოდნელი შენელების ფონზე, ჩვენ ვფიქრობთ რომ სებ-ი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ივნისიდან დაიწყებს (ამასთან, არ გამოვრიცხავთ შესაძლებლობას სებ-მა პირველი შემცირება მაისის სხდომაზე გააკეთოს),”- ნათქვამია ეკონომიკურ მიმოხილვაში.

შეგახსენებთ, მარტში ინფლაციის დონე ბოლო ორი წლის მინიმუმამდე, 5.3%-მდე შემცირდა. რამდენიმე დღის წინ, გადაცემა “ანალიტიკაში” ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისთვის, სებ-მა ადგილობრივი ინფლაციის კლების ტენდენცია უნდა დაინახოს.

“ჩვენ უკვე დავინახეთ ადგილობრივ ინფლაციაზე შემცირების ტრენდი, თუ ეს მდგრადი იქნება, ჩვენ უკვე გვექნება ამის შემცირების შესაძლებლობა. მეოთხე კვარტალში ხელფასების ზრდის ტემპი იყო 21%. ეს რა თქმა უნდა კარგია, თუმცა ამას პროდუქტიულობა არ მიჰყვა. ხელფასების ზრდა არის რა თქმა უნდა კარგი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამას პროდუქტიულობაც მიჰყვეს და ეს იყოს მდგრადი.

როდესაც ინფლაციის შემცირება ხდება იმპორტირებული პროდუქციის ხარჯზე, ეს არ გვაძლევს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. თუკი დავინახეთ ადგილობრივ ინფლაციაზე შემცირების ტრენდი და თუ დავინახეთ რომ ეს მდგრადი არის, შემდეგ უკვე გადავდგამთ ამ ნაბიჯს,”- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

მარტის ბოლოს მიღებუილი გადაწყვეტილებით, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე შეინარჩუნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები