მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოცდილ ტექნიკოსებს ვერ ვპოულობთ, გვიჭირს კონსულტანტების მოძიება - BEKO-ს დირექტორი

634a5cbdad6a1
ლიკა მეგუთნიშვილი
15.10.22 11:03
8970
ბოლო ორი წლის განმავლობაში კადრების მოძიებაში პრობლემა გვაქვს, როგორც მაღაზიებში, ისე სერვის-ცენტრებში, - ამის შესახებ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელის, “ბეკოს” დირექტორმა, მეჰედ მელექმა “ქალების ნარატივში” სტუმრობისას განაცხადა.

მეჰმედ მელექის თქმით, პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდა და ბიზნესისთვის სხვადასხვა რეგულაცია დაწესდა.

“გამოცდილ კადრებს ვერ ვპოულობთ, განსაკუთრებით ეს ეხება, გამოცდილ ტექნიკოსებს - კადრები არ არიან, რომ მომსახურების სერვის-ცენტრებში იმუშაონ. ასევე, ძალიან გვიჭირს მაღაზიებისთვის კონსულტანტების მოძიება. ამ ყველაფერს ისიც ამწვავებს, რომ ბოლო პერიოდში შრომის კოდექსში არაერთი ცვლილება შევიდა, შეიცვალა კანონები, დაწესდა ახალი რეგულაციები. მაგალითად, ასეთია ე.წ. ტაბელების წარმოების პროცესი, რის მიხედვითაც ვალდებულები ვართ, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა მხოლოდ 40 საათი იმუშაონ. ამან ბაზარზე პრობლემები შექმნა, რადგან კიდევ უფრო მეტი კადრი გვჭირდება” , - აცხადებს მეჰმედ მელექი.

“ბეკოს” დირექტორის თქმით, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, კომპანიამ პროფესიული გადამზადების კოლეჯ “სპექტრთან” მემორანდუმი გააფორმა. Სასწავლო ცენტრში პროფესიონალი ტექნიკოსები სტუდენტებს გადაამზადებენ, რომლებსაც გადამზადების შემდეგ “ბეკოს” მაღაზიათა ქსელში მუშაობის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ.

“ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება კოლეჯ “სპექტრთან”. იქ გავაკეთეთ “ბეკოს” გადასამზადებელი ოთახი, სადაც ჩვენი პროდუქციაა განლაგებული. კოლეჯში სწავლების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. როდესაც კადრები უკვე სრულყოფილად იქნებიან გადამზადებულები, ისინი ჩვენს სხვადასხვა ფილიალში დასაქმდებიან. შედეგს უკვე 2 თვეში ვნახავთ. ჯერ-ჯერობით, დინამიკა საკმაოდ კარგია, სტუდენტების მხრიდან ინტერესიც საკმაოდ მაღალია” , - განაცხადა “ბეკოს” დირექტორმა, მეჰმედ მელექმა.

მიუხედავად კადრების დეფიციტის მნიშვნელოვანი პრობლემისა, კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ეს მათ მომსახურებასა თუ ფასებზე არ აისახება და მეტიც “ბეკო” მაღაზიათა ქსელის გაფართოებასაც გეგმავს.

2022 წლის ბოლომდე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელს ზუგდიდისა და ახმეტის ფილიალებიც შეემატება, რომელთა ჯამური ინვესტიცია 300 000 ლარი იქნება.

ცნობისთვის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი “ბეკო” საქართველოს ბაზარზე უკვე 25 წელია ოპერირებს და ამჟამად ქვეყანაში 98 ფილიალითაა წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები